
„ძლიერი საქართველო - ლელომ" საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნით მიმართვის შესახებ შუამდგომლობა დააყენა.
მისი წარდგენისას „ძლიერი საქართველო - ლელოს" წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ აღნიშნა, რომ შუამდგომლობის მიზანია, პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის საკითხის გადაწყვეტამდე, განმარტებულ იქნეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის პრინციპები, აგრეთვე ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც შეიძლება შეფასდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის აუცილებლობა და პროპორციულობა.
შუამდგომლობის წარდგენისას აღინიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი პრინციპული კითხვებით უნდა მიმართოს:
კითხვა №1: რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში კონვენციის მე-11 მუხლის საფუძველზე, მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასთან ერთობლიობაში?
კითხვა №2: რა მტკიცებულებითი და დასაბუთების სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს მოსარჩელემ, როდესაც იგი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ითხოვს, და რა მოთხოვნები ვრცელდება პარტიისთვის კონკრეტული განცხადებების, მოქმედებებისა და მიზნების მიკუთვნებაზე?
კითხვა №3: რა გარემოებები უნდა გაითვალისწინოს ეროვნულმა სასამართლომ იმის შესაფასებლად, წარმოადგენს თუ არა პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციულ ღონისძიებას და არსებობს თუ არა იმავე ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები?
კითხვა №4: რა მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შეფასებისას პარტიის მოქმედ მიზნებსა და საქმიანობას, მის პოლიტიკურ განცხადებებსა და რეალურ ქმედებებს შორის განსხვავებას, აგრეთვე იმ გარემოებას, არსებობს თუ არა პარტიის მხრიდან დემოკრატიული წესრიგისთვის რეალური და სათანადოდ დასაბუთებული საფრთხე?
კითხვა №5: კონვენციით გათვალისწინებულ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს სხვადასხვა პარტიების აკრძალვის ერთობლივი პროცედურული სამართალწარმოება?
საკონსტიტუციო სასამართლომ "ლელო-ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობა, რომელიც ოპოზიციისაკრძალვის სარჩელის სტრასბურგის სასამართლოში საკონსულტაციო დასკვნის მიზნით გაგზავნას შეეხებოდა, არ დააკმაყოფილა.
პლენუმის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გაახმოვანა.