
12 წლის მოზარდის ოჯახი სამართალდამცველებისგან რეაგირებას და ტიკტოკერ ზურაბ კენჭიაშვილის წინააღმდეგ ზომების მიღებას ითხოვს. Mr. Zura-ს სახელით ცნობილი ყოფილი პოლიციელი, რომელიც არასრულწლოვნის შეურაცხყოფის გამო ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, 20 დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. ოჯახის ინფორმაციით, საპატიმროს დატოვების შემდეგ კენჭიაშვილი დემონსტრაციულად გადაადგილდება მათი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, რასაც მოზარდზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობად აფასებენ.
ინციდენტი დაახლოებით ერთი თვის წინ, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. ოჯახის ინფორმაციით, კენჭიაშვილმა ელექტროსკუტერებით მოძრავ არასრულწლოვნებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ბავშვების მხრიდანაც შეურაცხმყოფელი პასუხი მოჰყვა. როგორც ოჯახი აცხადებს, ერთ-ერთმა, 12 წლის მოზარდმა, ტიკტოკერს რამდენიმე წუთში ბოდიში მოუხადა.
მომხდარის ამსახველი ვიდეოები კენჭიაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მოგვიანებით გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც, ოჯახის შეფასებით, არასრულწლოვნის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა ისმოდა.
ოჯახი მიიჩნევს, რომ კენჭიაშვილის ქმედებები მოზარდის დაშინებას ემსახურება და სამართალდამცველებისგან შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.
წყარო: ტვ პირველი