
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო მანდატებს დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ პოლიტიკურ გუნდს აკრძალავს - განცხადება შალვა კერესელიძემ გააკეთა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მის პოლიტიკურ პარტიას აკრძალავს, საპარლამენტო მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება.
„არცერთი მანდატი არ არის მაჟორიტარული, ეს არის პროპორციული მანდატი, რომელიც მიიღო უშუალოდ პარტიამ - „გახარია საქართველოსთვის“. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს პარტიას აკრძალავენ, პოლიტიკურ საქმიანობს აუკრძალავენ, ვფიქრობ, პარტიის მიერ მიღებულ მანდატებს არანაირი ძალა და ფასი არ ექნება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ პარტიას აუკრძალავენ პოლიტიკურ საქმიანობას, მაშინ, ბუნებრივია, რომ პარლამენტშიც ჩვენ არანაირი საქმე აღარ გვექნება და ამ მანდატებს არანაირი ფასი და ძალა არ ექნება,“ - განაცხადა კერესელიძემ.
კითხვაზე, „ანუ, დატოვებთ მანდატებს?“ კერესელიძემ უპასუხა: „დიახ, ბუნებრივია“.
საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა დღეს, 14:00 საათზე განახლდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.