რეზონანსი
27.10.2026

2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით. მათ შორისაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისების ექსპორტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ფინანსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დადებითი მაკროეკონომიკური ტენდენციების პარალელურად, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით საფინანსო სექტორში, სადაც საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვა ხელს უწყობს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ქვეყნის, როგორც რეგიონული ფინანსური ცენტრის პოტენციალის გაძლიერებას.

„მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველო რიგით მეორე, თბილისის ფინანსურ სამიტს მასპინძლობს. ამ მასშტაბურ საერთაშორისო პლატფორმას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა და ის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან საფინანსო სექტორის, ტექნოლოგიური ინდუსტრიის და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებას 50-ზე მეტი ქვეყნის 800-მდე წარმომადგენელი ესწრება.

განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ღონისძიების თანაორგანიზატორია სინგაპურული ორგანიზაცია Global Finance & Technology Network (GFTN), რომლის საერთაშორისო ქსელშიც საქართველოსთან ერთად მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები არიან წარმოდგენილნი.

საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს, გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ეს ისტორიული როლი ახალ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ქმნის კარგ საფუძველს, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად ვაჭრობის, ლოჯისტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით.

ამ პოტენციალის რეალიზებას ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა. 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია შედარებით მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებით. მათ შორისაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სერვისების ექსპორტი.

დადებითი მაკროეკონომიკური ტენდენციების პარალელურად, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით საფინანსო სექტორში, სადაც საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვა ხელს უწყობს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ქვეყნის, როგორც რეგიონული ფინანსური ცენტრის პოტენციალის გაძლიერებას. დღეს საფინანსო სექტორს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში წამყვანი ადგილი უკავია,“- აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×