რეზონანსი
28.10.2026

"ღამის კურიერის" ეთერში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. 

პაატა სალიას განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აჟიოტაჟი, გარკვეულწილად პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა იყო, რასაც შესაძლოა შემდგომ გარკვეული არეულობა მოჰყოლოდა. 

"დავითაძის შემთხვევაში ჩვენ ვაცხადებდით, რომ აქ ძირითადად იყო სპეკულაცია, არ ყოფილა არანაირი ძალის გადამეტება, მითუმეტეს დანაშაული. ეს აშკარად ჩანდა იმ კადრებიდან, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. ხშირად არის აპელირება იმაზე, ხმა რატომ არ ჰქონდა კადრებს, ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კამერების მიერ ხმის ჩაწერა არ ხდება. ასევე იყო საუბარი, თუ რატომ იყო ამდენი ადამიანი და რამდენად პროპორციული იყო ამდენი ადამიანის ერთ ოთახში ყოფნა. სწორედ ეს გარემოებები გამოიკვლია პროკურატურამ და დაადგინა, რომ არც ძალის გადამეტებას, არც რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას დავითაძის მიმართ არ ჰქონია ადგილი. გარდა ამისა, სანამ პროკურატურა დაასრულებდა გამოძიებას, ამაზე საუბარი ჰქონდა სახალხო დამცველსაც. 

შესაბამისად, ეს იყო გარკვეულწილად პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, რასაც შესაძლოა შემდგომ უნდა მოჰყოლოდა გარკვეული არეულობა. ამის ნიშნები შეინიშნებოდა, თუმცა ჩვენ, ეფექტურად შევძელით ჩანასახშივე დაგვესრულებინა არეულობის მცდელობა პენიტენციურ დაწესებულებაში და რაც სრულად კანონის დაცვით განხორციელდა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად არცერთი იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ჰქონდა მცდელობა არეულობა მოეწყო, რაიმე უფლება არ დარღვეულა. პირიქით, არსებობს ასევე ჩანაწერები, რაც საზოგადოებამ იხილა, რომ მათი მხრიდან იყო აგრესია პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ.

ეს ინციდენტი, ჩემი აზრით, ამოწურა. ყოველ შემთხვევაში, პროკურატურამ დაასრულა გამოძიება. რაც შეეხება ოჯახის უკმაყოფილებას, ბუნებრივია, მესმის ოჯახის, რომ ისინი არ არიან კმაყოფილი გამოძიების შედეგებით, ჰგონიათ, რომ კიდევ სხვა რამე მტკიცებულება არსებობს.

თუ რამე ახალი გარემოება გამოვლინდება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გამოძიების ნაწილი გახდეს, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება დასრულებულია.

ოჯახს აქვს სრული უფლება, მიმართოს სხვა სამართლებრივ მექანიზმს, მათ შორის მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და იქ ეძებოს სამართალი,"- განაცხადა პაატა სალიამ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×