რეზონანსი
29.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა განახლდა. შესვენების შემდეგ მოსამართლეთა პლენუმი ისევ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლებს უსმენს. 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტების ეტაპზეა.

მოპასუხე მხარე საკუთარ არგუმენტებს წარადგენს. პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრს გიორგი სიორიძეს მოსამართლემ არაერთი გაფრთხილება მისცა და სასამართლოს პატივისცემისკენ მოუწოდა.

უსაფუძვლო არგუმენტებით პროცესის გაჭიანურების მცდელობა - ასეთია ოპონენტების მოსაზრებებზე სარჩელის ავტორების შეფასება.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, დღევანდელი პროცესი მოპასუხე მხარის მიერ პოლიტიკური განცხადებებით გამოირჩეოდა. ოპონენტები არა საკონსტიტუციო სარჩელის ირგვლივ, არამედ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობდნენ.

"დღევანდელი პროცესი, სხდომის მიმდინარეობა წინა დღეებისაგან იმით გამოირჩევა, რომ მოპასუხე მხარე უფრო მეტად აქტიურად ცდილობს პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნიდან, რაც არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი პროცესის ჩატარების სტანდარტებიდან გამომდინარე.

მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ხდება ერთსა და იმავე თემებზე არგუმენტირება აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და ესეც იყო აღნიშნული სხდომის მსვლელობისას. ის განცხადებები, რომელიც ერთხელ უკვე გაკეთდა, არ არის საჭირო, რომ რამდენჯერმე განმეორდეს.

ერთი სიტყვით, პროცესი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმას, რომ არის მოპასუხის მხრიდან სამართლებრივი არგუმენტების უმწვავესი დეფიციტი. მეორე მხრივ, ისინი ცდილობენ, რომ სხვადასხვა ტიპის პოპულისტური განცხადებებით, სასამართლო ტრიბუნიდან შექმნან გარკვეული აღქმა საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ რაიმე რეალური კონტრარგუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული ჩვენს სარჩელში შემოთავაზებული ბრალდებების გასაქარწყლებლად, რაც, რასაკვირველია, ასე არ არის," - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×