
ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს, - წერს სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.
იგი ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გადასახადების გადახდას არ სთხოვდა.
„დიდად არ გამოვირჩევი სოცქსელებში აქტიურობით, თუმცა ამ უსამშობლოების უსამართლო განცხადებას გვერდს ვერ ავუვლიდი. გარე პატრონების მიერ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად წარმოჩენილ რადიკალ ნიკა გვარამიას უთქვამს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს გადასახადების გადახდას არ სთხოვდა და ამასთანავე, ქველმოქმედების განხორციელებაში უწყობდა ხელს, რაც მისი შეფასებით, გრძელვადიანი საარჩევნო კამპანიის ნაწილი ყოფილა.
გვარამიასა და მისნაირი პოლიტიკური ფიგურებისგან ბევრი რამ აღარ გვიკვირს, თუმცა, როდესაც ასე მარტივად გადასამოწმებელ ფაქტებს ამახინჯებენ, საკუთარი პოლიტიკური არაკომპეტენტურობის კიდევ ერთხელ დემონსტრირებასაც ვერ აცნობიერებენ.
ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის, მეცნიერებისა და პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან სფეროში უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება გასწია. უფრო მეტიც, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტს ელემენტარული რესურსებიც კი არ ჰქონდა, ქვეყნის ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და ათიათასობით საჯარო მოხელეს.
მისი დაფინანსებით აშენდა და განახლდა დაახლოებით 400 სკოლა, შეიქმნა ქართული ძალოვანი სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად, პირადი სახსრებით ფინანსდებოდა არაერთი აუცილებელი საჯარო მიმართულება. ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც მისი ქონება უცხოეთში იყო დაგროვილი და საქართველოში მას პირადი კომერციული საქმიანობით შემოსავალი არ მიუღია.
საქართველოში ყველამ კარგად იცის ამ მასშტაბური ქველმოქმედების შესახებ, მათ შორის ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმაც. ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. ამასთანავე, მისი პირადი შემოსავლის 80 პროცენტზე მეტი კვლავ ეროვნულ და საზოგადოებრივ საქმეს ხმარდება.
ამ ფაქტებს ვერც ნიკა გვარამია აუვლის გვერდს. თუმცა პოლიტიკური არაკეთილსინდისიერება იმდენად შორს მიდის, რომ ის ამ მასშტაბური ქველმოქმედების დისკრედიტაციასაც კი ცდილობს. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ვერ გაითვალისწინა, რომ ასეთი მარტივად გასაბათილებელი ბრალდებით თავადვე აღმოჩნდებოდა წაგებული!“, - წერს ზარქუა.