
რამდენიმე დღის წინ, ქორწილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ წინასწარ პატიმრობა მიუსაჯა. მისი ვინაობა ცნობილია - საქმის პროკურორის განცხადებით, ის წარსულში ნასამართლევი დავით ხანდოლიშვილია, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს, მან უარი თქვა სახაზინო ადვოკატზეც.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ხანდოლიშვილი 2026 წლის 26 სექტემბერს სოფელ ლისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ქორწილის სუფრაზე პატარძლის მხრიდან იყო მოპატიჟებული.
საქმის პროკურორის თქმით, დავით ხანდოლიშვილი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სტუმრების მიმართ აგრესიით და ბილწი სიტყვებით გამოირჩეოდა, განსაკუთრებულ აგრესიას კი სიძის, გიგა მანუკიანის მიმართ ამჟღავნებდა.
სახელმწიფო ბრალმდებელი ამბობს, რომ ხანდოლიშვილი იყო სწორედ კონფლიქტის ინიციატორი, ხოლო სიძის ძმა, მოკლული გურამ ბოიკო მის დამშვიდებას და სიტუაციის დარეგულირებას ცდილობდა, რა დროსაც მას ბრალდებულმა სასიკვდილო ჭრილობა დანით გულ-მკერდის არეში მიაყენა და დანაშაულის ადგილიდან გაიქცა.
ირკვევა, რომ საქმის გარჩევაში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა დადგენასაც ახლა გამოძიება ცდილობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ასევე იმ პირთან დაკავშირებითაც, რომლის სახლში გაქცეული დამნაშავე დააკავეს.
"შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ კიდევ სხვა პირები და მიმდინარეობს მათი გამოკითხვა-დადგენა. ნაწილი დაიკითხა და ნაწილის დაკითხვა ამ მომენტშიც მიმდინარეობს. გარდაცვლილის ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული დანით. დავით ხანდოლიშვილი მიიმალა და მისი დაკავება შესაძლებელი იყო შესაბამისი მოქმედებების შედეგად. კახეთში იმალებოდა ერთ-ერთი პირის სახლში, რომელიც მისი ნაცნობია", - განაცხადა პროკურორმა.