რეზონანსი
30.10.2026

სასამართლო პროცესები მიდის, ის ღიაა და ამას ყველა ხედავს და სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, როგორ შეიძლება, კეთდებოდეს ისეთი განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, იმთავითვე გამიზნულია მართლმსაჯულებაზე ზეგავლენის მოსახდენად, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. მან ასე უპასუხა კითხვას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადების შესახებ, რომელმაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ პროცესის გამო შეშფოთება გამოთქვა.

ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ თავად სარჩელის ავტორები სამართლებრივ ასპექტებსა და მოცემულობას პატივს სცემენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ სარჩელის ავტორები და ამავდროულად პოლიტიკოსები, სამართლებრივ ნიუანსებს, ასპექტებსა და მოცემულობას პატივს ვცემთ და ერთგვარად ვიცავთ. ყოველთვის, როდესაც ხარ მხარე, მეტი სივრცე გაქვს, რომ ილაპარაკო შენს პოზიციაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენც კი არ ვლაპარაკობთ მომეტებულად, იქიდან გამომდინარე, რომ მართლმსაჯულებას, ზოგადად სასამართლო ხელისუფლებას პატივს ვცემთ. ამის ნაცვლად, ხედავთ, როგორი მოცემულობაა. ღიმილისმომგვრელი იქნებოდა, საქმე ასეთ მნიშვნელოვან მოცემულობასთან რომ არ გვქონდეს - როდესაც ვხედავთ [განცხადებებს] დასავლეთის წარმომადგენლების მხრიდან და ამ შემთხვევაში ამ პირისგან. დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან კარგად ესმით - სანამ სასამართლო პროცესები მიდის, ის ღიაა და ამას ყველა ხედავს და სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, როგორ შეიძლება, კეთდებოდეს ისეთი განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, იმთავითვე გამიზნულია მართლმსაჯულებაზე ზეგავლენის მოსახდენად.

ამასაც კი აღარავინ ერიდება ღიად - ჯერ პროცესი არ არის დასრულებული და ვხედავთ, როგორი განცხადებებია! ეს ხომ აშკარად მიუთითებს და როგორც მინიმუმ, აზიანებს და მიმართულია სასამართლოზე, მართლმსაჯულებაზე ზემოქმედებისკენ. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა არის ამ ქვეყნის და თითოეული მოქალაქის ვალდებულება, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლების მომეტებული ვალდებულებაა და ჩვენ ამას გავაკეთებთ.

ყველა ვალდებულია, რომ საქართველოს ინსტიტუციებს და საქართველოს ინტერესს პატივი სცენ. შესაბამისად, დაელოდონ პროცესებს და დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ არგუმენტები საერთოდ არ ექნებათ. პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და შეფასება, რა თქმა უნდა, ყველას უფლება იქნება, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება დაინახავს, თუ სად არის სიმართლე“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×