რეზონანსი
31.10.2026

„ტრიბუნალი შედგება მოსამართლეებისგან, რომლებიც კანონის შესაბამისად არიან დანიშნული და არა უზურპატორებისგან, რომლებიც იქ უკანა კარიდან შეიჭრნენ სამთავრობო სამართალდამცველების თანხლებით და პოლიციის კორდონით შემოისაზღვრეს თავი, რადგან პოლონელების ეშინიათ“, - განაცხადა პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარეობიდან გადაყენებულმა ბოგდან შვეჩკოვსკიმ.

როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მზად არის ნებისმიერ უკანონობაზე წასასვლელად.

„ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფო საკონსტიტუციო ორგანოზე თავდასხმასთან, სახელმწიფო გადატრიალებასთან, ამ ხელისუფლებამ დღეს აჩვენა, რომ მზად არის, წავიდეს ნებისმიერ უკანონობაზე. ხელისუფლების ქმედებები დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ პოლონეთს დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოების წრიდან გამორიცხავს და მსოფლიოში პრეცედენტი არ გააჩნია, ეს აზიანებს ჩვენს ქვეყანას,და არამხოლოდ მის ხელისუფლებას“, - განაცხადა ბოგდან შვეჩოვსკიმ.

ცნობისთვის, პოლონეთში პოლიტიკური დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული. ოპოზიცია დონალდ ტუსკის ხელისუფლებას სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეშ ჩარევასა და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბეატა შიდლო აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ტრიბუნალის შენობა ძალის გამოყენებით დაიკავეს და მის ხელმძღვანელობას შენობაში შესვლის შესაძლებლობა შეუზღუდეს.

დაპირისპირების ცენტრში მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული ხუთი მოსამართლეცაა, რომლებსაც ქვეყნის პრეზიდენტის წინაშე ფიცი არ დაუდიათ. ოპოზიცია მათი უფლებამოსილების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს.

სასამართლოსთან განვითარებული მოვლენების შესახებ ბრალდებებს პოლიცია უარყოფს და განმარტავს, რომ მხოლოდ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ხელისუფლება კი გადაწყვეტილებას სასამართლოს მუშაობის აღდგენის აუცილებლობით ხსნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×