
ამერიკელმა სტუმრებმა საწნახელში ყურძენი თავად დაწურეს და ქართული მეღვინეობის უწყვეტ ტრადიციებს ღვინის სამშობლოში ადგილზე გაეცნენ. გაცნობითი ტურის მიზანი ამერიკულ ბაზარზე საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციაა.
სიღნაღი, წინანდალი, ვარდისუბანი, ალვანი, ყვარელი და ნაფარეული - ამერიკელმა ტუროპერატორებმა მონაწილეობა მიიღეს რთველში. დაათვალიერეს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და ქვევრის დამზადების მასტერკლასს დაესწრნენ.
კახეთის შემდეგ, სტუმრებისთვის საინფორმაციო ტური და კულინარიული მასტერკლასი მცხეთასა და მუხრანშიც გაიმართა. 9 ამერიკელ ტუროპერატორს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა.
გაცნობითი ტურის მიზანი აშშ-ის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს, როგორც ოთხსეზონიანი მიმართულების პოზიციონირება და ცნობადობის ამაღლება, ტურისტული ნაკადების მოზიდვა, ქართული კულტურის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაცია იყო.