რეზონანსი
02.11.2026

მინდა, ჩემი ქვეყანა უსაფრთხოდ და თავისუფალი იყოს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უნგრულ გაზეთ Válasz Online-თან ინტერვიუში განაცხადა.

მოლდოვის პრეზიდენტს ინტერვიუს დროს შეახსენეს მისივე განცხადება, რომლის მიხედვითაც, რეფერენდუმის შემთხვევაში, ის მხარს დაუჭერდა მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას.

მაია სანდუმ აღნიშნული განცხადება ასე ახსნა: „მინდა, ჩემი ქვეყანა იყოს უსაფრთხო და თავისუფალი. წარმოიდგინეთ, რომ რუსეთი თქვენს საზღვრებს უახლოვდება – თქვენ მოგიწევთ გამოსავლის ძიება, მაშინაც კი, თუ ეს გამოსავალი უცნაურად მოგეჩვენებათ“.

ამასთან, მაია სანდუმ აღნიშნა, რომ მოლდოვის მოსახლეობაში მეზობელ სახელმწიფოსთან გაერთიანების იდეას საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს, სწორედ ამიტომ, მთავრობა ამ ეტაპზე კონცენტრირებულია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, რომელსაც ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა უჭერს მხარს.

„ამ მომენტისთვის, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიმართ. სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს უმრავლესობის მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ და სწორედ ამიტომ მივისწრაფვით ამ პროცესისკენ ასეთი მონდომებით“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, დარჩებოდა თუ არა მოლდოვა თავისუფალი რუმინეთის შემადგენლობაში ყოფნის შემთხვევაში, მოლდოვის პრეზიდენტმა პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა მხოლოდ ის, რომ რუმინეთი დემოკრატიული ქვეყანაა.

„რაც შეეხება სუვერენიტეტს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ რუმინეთი რუსეთთან შედარებით, დემოკრატიული ქვეყანაა და რუმინეთის მოქალაქეები თავისუფლები არიან, რასაც რუსეთის მოქალაქეებზე ვერ ვიტყვით“, – განაცხადა სანდუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×