
ლეკვის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არასრულწლოვანთა მშობლების პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლოში განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს.
საქმე ეხება შემთხვევას, რომელიც შიდა ქართლში მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც ჩანს, რომ მოზარდი ლეკვს ფეხს უხეშად, რამდენჯერმე ურტყამს.
პოლიციის თანამშრომლის ნანა გასიტაშვილის განმარტებით, მოზარდები სტადიონზე ლეკვს არასათანადოდ მოეპყრნენ. იგი ითხოვს, რომ ორივეს მშობლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. გამომძიებლის მტკიცებით, ვიდეოს გადამღები ხედავდა ლეკვის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტს, თუმცა არ შეეცადა მის შეჩერებას.
"ქართლის ამბების" ინფორმაციით, იმ მოზარდის მშობელს, რომელმაც სავარაუდოდ ჩაიდინა სამართალდარღვევა, სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.
რაც შეეხება ვიდეოს გადამღებს, რომელმაც კადრები გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა, მის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. მოსამართლის განმარტებით, ვიდეოს გადამღებს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.
ვიდეოს ავტორის მამამ განმარტა, რომ თავადაც შოკირებულია.
"ბოდიშს მოვიხდი, თვითონ შოკში ვარ, ასე როგორ მოუვიდა. ჩვენ თვითონ სახლში 2 ძაღლი გვყავს შეფარებული. კიდევ თუ რამე დავაკელი ბავშვს აღზრდაში, ვიმუშავებ", - აცხადებს მამა.
სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო იმ ბავშვის დედა, რომელიც ვიდეოში ლეკვს ბურთივით ექცევა:
"პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი ყველას. ამ კადრების ნახვა არც ჩემთვის იყო ადვილი. სკოლაშიც, ეზოშიც ბავშვს ყველა დადებითად ახასიათებს. მსგავსი რამ აღარ განმეორდება,"- განაცხადა დედამ, რომელიც განმარტავს, რომ ბავშვს მარტო ზრდის, თვითონ კი მუდმივად სამუშაოზე ყოფნა უწევს დასუფთავების კომპანიაში, ასევე ბაღებში სეზონურ სამუშაოებზე.
ვიდეოზე ასახული ლეკვი თავს კარგად გრძნობს და მოსიყვარულე პატრონს ეძებს.