რეზონანსი
04.11.2026

 “ქართული ოცნების” გათვლა არის ძალიან მკაფიო. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველაფერი ევროკავშირს დაჰბრალდეს, რათა ქართველი ხალხის დიდ ნაწილს შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ არ გამოვიდა , - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” ევროკავშირის კარი, რომელიც ქართველი ხალხისთვის გაიღო, ჩახერგილი აქვს, რათა არავინ შევიდეს და ის ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ საბოლოოდ ევროკავშირმა თავად თქვას საქართველოზე უარი.

“ერთადერთი რამ ალაპარაკებს “ქართულ ოცნებას” ევროკავშირის მიმართ ასე - ის, რომ მისი ამომრჩევლის მნიშვნელოვან ნაწილს ევროპა და თავისუფალი სამყარო უნდა. მათ პირდაპირ ვერ ეუბნებიან, რასაც სჩადიან, რადგან ბოლო წლებია, ყოველ დღე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაღებულ კარში, რომელიც ხალხისთვის არის ღია, ჩადგნენ, ხალხს გადაეღობონ. იქ არიან ჩამდგარი, რათა არავინ შევიდეს და თუ ვინმე ბრიუსელში რაიმე კონტაქტზე გავა, საკონსტიტუციო სასამართლოში დაარბენინებენ, უნდა აგკრძალოთო მაშინ, როცა პოლიტიკური პარტიის დანიშნულებაა სწორედ, რომ პოლიტიკა შეიმუშაოს.

ამ რამდენიმე ადამიანს ჩახერგილი აქვს ეს კარი, იქეთ უყვირიან იმათ, კი გვინდა შემოსვლა, მაგრამ ჩვენნაირი გახდითო, აქეთ ჩვენიანებს კი ეუბნებიან, ჩვენი შეურაცხყოფა და სუვერენიტეტის შელახვა უნდათო.

“ქართული ოცნების” გათვლა არის ძალიან მკაფიო. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველაფერი ევროკავშირს დაჰბრალდეს, რათა ქართველი ხალხის დიდ ნაწილს შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ არ გამოვიდა. ამიტომ წვალობენ, იციან, თუ ასე არ იწვალებენ და ვიღაცებს შეცდომაში არ შეიყვანენ, მაშინ ეს ხალხი [მათი მხარდამჭერები] მათ ჯოხებით მოუბრუნდება.

ამას ევროპაც ხედავს. ამ დონის სინდის-ნამუსზე ხელაღებულ ადამიანებთან მათ დიდი ხანია, ურთიერთობა არ ჰქონიათ. განა იმიტომ, რომ მსოფლიოში ამათზე უარესი არავინ არსებობს, უბრალოდ, ევროკავშირში გვინდაო, თან იძახიან და თან ამას აკეთებენ. ეს მათ ისტორიაში არ უნახავთ. დღეს ჩვენ ოფიციალურად წარმოგვადგენენ ასეთი ადამიანები. დიქტატორებისა და ავტორიტარების მეტი რა უნახავს მსოფლიოს, მაგრამ ისინი ასეთი დონის თვალთმაქცობას არ და ვერ კადრულობდნენ.

საკითხი მარტივად დგას, “ქართული ოცნება” ყველაფერს იღონებს, რომ რაც შეიძლება მალე ამოიწუროს ყველა შანსი, მოთმინების ყველა ფიალა და ყველა ძაფი გაწყდეს და ბოლო-ბოლო ევროკავშირში თქვან, არ გინდათ და ნუ გინდათ, დაგვანებეთ თავიო”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საქართველოს ახალი ეროვნული მოძრაობა სჭირდება. მისი განმარტებით, საზოგადოებამ იმ საქართველოსთვის ბრძოლამ უნდა გააერთიანოს, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია.

“ტრაგიკული და მძიმეა ეს ამბავი, რომ თითქმის ორმოცი წლის მერე საქართველოში ისევ ეროვნული მოძრაობა გვჭირდება, ოღონდ ახლა ცოტა სხვანაირი. ეროვნული მოძრაობა არ არის რაღაც კონკრეტული ერთი თაობის ამოძახილი. ეს არის კონკრეტული თაობის მიერ წინაპრების ეროვნული, პატრიოტული, ქართული, სახელმწიფოებრივი ენერგიისა და ქმედებების შეკრება და კონკრეტულ საქმედ ქცევა, რომელიც დღეს არის გასაკეთებელი.

ახლა დღეს ვსხედვართ და გადარეულები ვართ იმით, რაც ემართება ჩვენს ქვეყანას და როგორ ვერ ვახერხებთ, რომ ამას შევეწინააღმდეგოთ. იმიტომ ვერ ვახერხებთ, რომ დაგვეკარგა საერთო გამაერთიანებელი. ვიღაც არჩევნებს უჭერს მხარს, ვიღაც არჩევნების წინააღმდეგია, ვიღაც დემონსტრაციაზე აპირებს გასვლას, ვიღაც სოციალურ პრობლემებზე, ვიღაცას წინა ხელისუფლება არ მოსწონს, ვიღაცას მომავალი არ მოსწონს… ერთადერთი, რაც ყველას გვაერთიანებს და უნდა გაგვაერთიანოს, ეს არის ის, რომ ჩვენ ყველა ერთად იმ საქართველოსთვის ვიბრძვით, რომელიც კონსტიტუციაში გვიწერია”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×