რეზონანსი
05.11.2026

ინდოეთი სულ უფრო უახლოვდება თავის ამბიციურ მიზანს მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მიმოსვლის სფეროში: ბენგალურუში, კომპანია Bharat Earth Movers Limited-ის (BEML) ბაზაზე, მუმბაი-აჰმედაბადის მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო დერეფნისთვის ქვეყნის პირველი ადგილობრივი წარმოების სწრაფი მატარებელი (Bullet Train) იქმნება.

რკინიგზის სამინისტროს ინფორმაციით, მატარებელი სპეციალურად ინდოეთის პირობებისთვის არის დაპროექტებული და მასში შერწყმულია ადგილობრივი ინჟინერია, მოწინავე ტექნოლოგიები, მგზავრთა კომფორტი და ხელმისაწვდომობა.

რვავაგონიანი მატარებლის სიგრძე დაახლოებით 202 მეტრია. მისი მაქსიმალური სატესტო სიჩქარე 280 კმ/სთ იქნება, ხოლო დაგეგმილი საოპერაციო სიჩქარე — 249 კმ/სთ. მატარებელი გათვლილია 557 მგზავრზე, მათ შორის გათვალისწინებულია სპეციალური ადგილი შეზღუდული შესაძლებლობისა და გადაადგილების უნარის მქონე პირთათვის (Divyangjan და PRM).

კონფიგურაცია მოიცავს ოთხ მოტორულ და ოთხ მისაბმელ ვაგონს: შვიდ სტანდარტული კლასის ვაგონს 3x2 განლაგების სავარძლებით და ერთ ეგზეკუტივ (ბიზნეს) კლასის ვაგონს 2x2 განლაგების სავარძლებით. მატარებლის ორივე ბოლოში განთავსებული მემანქანის კაბინები აღჭურვილი იქნება ბორტზე არსებული ინტელექტუალური მართვის სისტემებით, რაც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილებების მიღებასა და ოპერატიული მართვის ცენტრთან კომუნიკაციას. ასევე, შესაძლებელი იქნება ორი რვავაგონიანი შემადგენლობის შეერთება 16-ვაგონიანი მატარებლის ფორმირებისთვის.

მგზავრთა კომფორტისთვის გათვალისწინებულია ინდოელთა ანთროპომეტრულ მონაცემებზე მორგებული ერგონომიული სავარძლები, LED განათება, ბარგის ზედა თაროები, დამატებითი ბარგის დასადგამი ადგილები და კვების წყაროები (როზეტები) ლეპტოპებისა და მობილური მოწყობილობებისთვის. ფართო ფანჯრები მგზავრებს ლამაზ ხედებს გადაუშლის, ხოლო ჰერმეტული გადასასვლელები მათ ვაგონებს შორის უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.

მატარებელი ასევე აღიჭურვება ბიოტუალეტებით, Wi-Fi-ზე დაფუძნებული საინფორმაციო-გასართობი (ინფოტეინმენტის) სისტემით და LCD საინფორმაციო ტაბლოებით ინგლისურ, ჰინდისა და რეგიონულ ენებზე. ხმოვანი შეტყობინების საჯარო სისტემები, ავტომატური განცხადებები და საავარიო კავშირის მოწყობილობები მგზავრებს ინფორმაციის მიღებასა და საჭიროების შემთხვევაში მატარებლის პერსონალთან დაკავშირებაში დაეხმარება.

კიდევ ერთი საკვანძო მახასიათებელი ხელმისაწვდომობაა. ვაგონის იატაკის ბაქნის სიმაღლესთან გათანაბრება უზრუნველყოფს მატარებელში კომფორტულ შესვლას, ხოლო მოძრავი საფეხურები შეამცირებს მანძილს მატარებელსა და ბაქანს შორის. ეტლით მოსარგებლეებზე ადაპტირებული კარები, სპეციალური სავარძლები, საპირფარეშოები და ბრაილის შრიფტით შესრულებული ნიშნები მაქსიმალურად შეუწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებს.

თითოეულ ვაგონს ექნება გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების (HVAC) ორი ბლოკი ტემპერატურისა და ტენიანობის რეგულირებისთვის. ხმის იზოლაცია, ხმაურის დამხშობი საფარები, სავალი ნაწილის (ბოგი) დამცავი პანელები, ქვედა კალთები და აეროდინამიკური ფეირინგები შექმნილია ხმაურისა და ვიბრაციის შესამცირებლად.

მატარებელი გამოიყენებს 25 კვ, 50 ჰც ერთფაზიან ცვლადი დენის წევის სისტემას. მისი რეგენერაციული დამუხრუჭების ტექნოლოგია დამუხრუჭებისას ენერგიას დააბრუნებს ელექტროსისტემაში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ენერგოეფექტურობას.

აეროდინამიკური განვითარების პროცესში გამოყენებულ იქნა ჰიდროაეროდინამიკის გამოთვლითი (CFD) სიმულაციები მატარებლის ცხვირისა და კორპუსის პროფილების ოპტიმიზაციისთვის. ეს ამცირებს ჰაერის წინააღმდეგობასა და ტურბულენტობას, ასევე მინიმუმამდე დაჰყავს გვირაბში წნევის ტალღები და ბგერითი დარტყმის (Sonic Boom) ეფექტები. სპეციალურად შექმნილი სახურავის პანელები, ჰაერის ნაკადის დეფლექტორები და გარე პროფილები კიდევ უფრო აუმჯობესებს აეროდინამიკას და ინარჩუნებს მგზავრთა კომფორტს მაღალი სიჩქარით მოძრაობისას და გვირაბებში გავლისას.

ეს პროექტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ინდოეთისთვის, რათა განავითაროს ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობები მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ტექნოლოგიების სფეროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×