რეზონანსი
05.11.2026

თუ იმას გააფორმებს საკონსტიტუციო სასამართლო, რაც სურს “ქართულ ოცნებას” ჩვენი სახელმწიფო და თითოეული ჩვენი მოქალაქე მიიღებს გამოუსწორებელ ზიანს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ “ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც პარტიების აკრძალვის პროცესი განიხილეს.

ჯაფარიძის თქმით, ყველა ერთად უნდა შეეცადოს, რომ „თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის გამოუსწორებელი შედეგები არ დადგეს“.

„შეხვედრა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებისგან მოგვესმინა მათი შეხედულებები იმ

პროცესთან მიმართებაში, რომელიც მიმდინარეობდა წინა კვირას ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში. საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენ შორის არის სრული თანხვედრა, რომ ეს პროცესი არ არის მხოლოდ პარტიების გაუქმების წინააღმდეგ მიმართული პროცესი, დასავლური, თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული პროცესია, ასევე იმ პარტიების მიმართ, რომლებსაც უნდათ, საქართველო ნახონ ევროპულ ოჯახში. ეს პროცესი არის საზოგადოების იმ უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ, რომელსაც სურს საქართველო იყოს ევროპულ ოჯახში, რომელსაც სურს საქართველო იყოს სუვერენული, ძლიერი სახელმწიფო, კეთილდღეობით სავსე სახელმწიფო. აი ამ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულია ეს პროცესი.

ამ პროცესის შედეგები უკვე არის უზარმაზარი უარყოფითი ძალის მქონე ჩვენი ქვეყნისთვის. იმას თუ გააფორმებს საკონსტიტუციო სასამართლო, რაც სურს „ქართულ ოცნებას”, ჩვენი სახელმწიფო და თითოეული ჩვენი მოქალაქე მიიღებს გამოუსწორებელ ზიანს!

სარჩელს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” შეიტანა, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამიტომ ჩვენი ამოცანა ახლა არის ის, რომ ყველამ ერთად შევეცადოთ, არ დავუშვათ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის გამოუსწორებელი შედეგების დადგომა”,- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×