რეზონანსი
06.11.2026

წარმატებული ახალგაზრდა რეპერი ნუკრი კილაძე (Nukenjoy ) უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. როგორც ახლობლები ამბობენ, ახალგაზრდა ბიჭი კორპუსის მე-4 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

“ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. სოციალურ ქსელით გავიგე ნუკრის გარდაცვალების ამბავი და თავზარდაცემული ვარ. როგორც ვიცი, ეს უბედური შემთხვევა იყო. მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალაო. ეს არ უნდა მომხდარიყო. გამორჩეული ახალგაზრდა იყო, ჩემს შვილებთან ერთად ინგლისურენოვან საზაფხულო სკოლაში დადიოდა. გამორჩეული მოსწავლე იყო, საოცარი ნიჭით, ინტელექტით, კარგი ოჯახის შვილი. დედამისი ინგლისური ენის პედაგოგია, კარგ გარემოში აღზრდილი. ფიზიკურადაც ძალიან გამორჩეული ბავშვი იყო. ძალიან განვიცადე ეს ამბავი. უბედურების დეტალები არ ვიცი. ჩემი შვილის ტოლი იყო. რამდენი მიზანი და ოცნება ჰქონდა. ასეთი ახალგაზრდები არ უნდა იღუპებოდნენ”, - ამბობს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილი ბიჭის ერთ-ერთი ახლობელი.

ნუკრის დედა ნანა ბრეგვაძე თბილისის 119-ე საჯარო სკოლის პედაგოგია.

ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ნუკრის ნათლიამ, ნორიკო გოქსაძემ. ამ სტატუსიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა ბიჭი თავის დაბადების დღეზე დაიღუპა.

„ჩემო ნუკრი, ჩემო გულო, შენ ჩემი ცხოვრების ერთი ულამაზესი ნაწილი ხარ, რომელიც არასოდეს დასრულდება. შენს სიყვარულს არც დრო წაიღებს და არც მანძილი. სამუდამოდ ჩემი ბიჭი იქნები, მიყვარხარ, ჩემო ანგელოზო... ჩემო ტუკა... ჩემო გულო, ჩემო პირველო ნათლულო. 25 წლის წინ დაიბადე და იმ დღიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდი. დაბადებიდან ერთად მოვდიოდით, შენს გაზრდას ვუყურებდი, შენს თითოეულ სიხარულს ვიზიარებდი და შენი ყოველი მიღწევით უსაზღვროდ ვამაყობდი. სულ სიამაყით ვაზიარებდი შენს წარმატებებს, რადგან შენ ჩემი განსაკუთრებული ბიჭი იყავი... ვინ იფიქრებდა, რომ დადგებოდა დღე, როცა შენს ფოტოს სიამაყით კი არა, ცრემლებითა და გულისტკივილით გავაზიარებდი… ვინ იფიქრებდა, რომ შენი 25 წლის იუბილე შენი უკანასკნელი დღე იქნებოდა ამქვეყნად. 25 წლის წინ მოევლინე ამ სამყაროს, 25 წლის იუბილეზე კი ცაში გაფრინდი. დაბადება და გამოსამშვიდობებელი ერთი დღე… ღმერთო, რა სასტიკია ეს რეალობა. როგორ უნდა დავიჯერო, რომ ვეღარ დაგინახავ, ვეღარ ჩაგეხუტები, ვეღარ გეტყვი, როგორ მიყვარხარ? ეს უსაზღვრო მონატრება რით უნდა მოვიკლათ? როგორ უნდა შევეგუოთ შენს გარეშე ცხოვრებას?" - დაწერა ნორიკო გოქსაძემ.

ახალგაზრდა ბიჭს დიდი გეგმები და მიზნები ჰქონდა, ამ ზაფხულს, მაისში მან თავის მსმენელს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა.

“მე ვარ Nukenjoy (ნუკრი კილაძე), არტისტი და სონგრაითერი. ჩემი საქმიანობის მთავარი ორიენტირი ყოველთვის საერთაშორისო ბაზარი იყო, რაც დღეს კონკრეტულ ბიზნესშედეგში გადაიზარდა: ოფიციალურად გავაფორმე ხელშეკრულება 100K Music Group-თან, რაც ნიშნავს, რომ ჩემი მუსიკის გლობალური დისტრიბუტორი ხდება ინდუსტრიის გიგანტი EMPIRE (ლეიბლი, რომელმაც Kendrick Lamar-ის, Cardi B-სა და XXXTentacion-ის კარიერას ჩაუყარა საფუძველი).

ეს ფაქტი მნიშვნელოვანი პრეცედენტია ქართული კულტურული პროდუქტის ექსპორტისთვის: ბერას შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი არტისტი იმავე ინფრასტრუქტურაში ხვდება, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები პოზიციონირებენ. გარდა მუსიკალური სიახლეებისა, ჩემი გეგმები აკადემიურ განვითარებასაც უკავშირდება – სულ ცოტა ხნის წინ მოვიპოვე სტიპენდია ნიუ-იორკის The New School-ში (Media Studies), რაც დამეხმარება ჩემი პროექტი კიდევ უფრო მასშტაბური გავხადო", - წერდა ახალგაზრდა რეპერი სოციალურ ქსელში.

"კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×