რეზონანსი
06.11.2026

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, სასამართლოსა და საზოგადოებას წარედგინა მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან.

„ეს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, ჩავერიოთ გადაწყვეტილებაში. ჩვენ სასამართლოს და საზოგადოების ფართო ნაწილს წარვუდგინეთ კონკრეტული არგუმენტები, რომ აღნიშნული პარტიები ეწევიან მტრულ საქმიანობას, შემჩნეული არიან ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებში, ბოროტებაში. რა თქმა უნდა, როდესაც გქვია პოლიტიკოსი და წარმოადგენ პოლიტიკურ პარტიას, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდე საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, წარდგენილი მტკიცებულებების საპასუხოდ ოპონენტების მხრიდან კონტრარგუმენტები არ გაჟღერებულა.

„კარგად ვიცით, თუ საიდან და როგორ იმართებიან ეს პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები. რა აქვთ ჩადენილი დანაშაულის სახით, ეს ყველაფერი არა უბრალოდ ზეპირი საუბრით, არამედ არგუმენტირებულად წარდგენილი იქნა სასამართლოზე, თუმცა კონტრარგუმენტები ვერ მოვისმინეთ. მხოლოდ და მხოლოდ ვხედავდით პოლიტიკურ განცხადებებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×