რეზონანსი
07.11.2026

„ნუ მანიპულირებთ თქვენს მიერვე დადგენილი წესებით, ანახეთ პატარა ბავშვებს მამა“ - ასეთ პასუხს უბრუნებს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი პენიტენციურ სამსახურს, რომელიც ირწმუნება, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი სრულად სარგებლობს პაემნის უფლებებით, წელიწადში ორჯერ ხანგრძლივით, თვეში ერთხელ კი ხანმოკლე პერიოდით. რაც შეეხება მის წახალისებას, უწყებაში ამბობენ, რომ ამას წყვეტს ციხეების უფროსი, მაგრამ მას ამას კანონი არ ავალდებულებს.

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი სოციალურ ქსელში რიგით მეორე განცხადებას აქვეყნებს და პენიტენციურ უწყებას ჰუმანურობისკენ მოუწოდებს.  

„რეგულაციები, რომელთა გამოყენებითაც ხდება ირაკლის დასჯა, მოქმედებს განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეების მიმართ: პირები, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (მაგალითად: მკვლელობა, ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი და ა.შ.); მსჯავრდებულები, რომლებსაც აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა მისჯილი; ისინი, ვისაც აქვთ დანაშაულის რეციდივი (წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირები); პატიმრები, რომლებიც სხვა (მაგალითად, ნახევრად ღია) ტიპის ციხეში ყოფნისას არღვევდნენ რეჟიმს, ავლენდნენ აგრესიას, იყვნენ კრიმინალური სუბკულტურის მატარებლები ან არსებობდა მათი მხრიდან გაქცევის მაღალი საფრთხე.

სასამართლოს არ მიუსჯია ირაკლისთვის დახურული ტიპის დაწესებულებაში სასჯელის მოხდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ირაკლი ითვლება დახურული ტიპის დაწესებულების პატიმრად, არის ის, რომ იმყოფება სამარტოო საკანში. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ - წესებს, რომლებიც შემუშავებულია საშიში და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩამდენი პატიმრების დასასჯელად?! კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, იყავით ჰუმანურები!  ნუ მანიპულირებთ თქვენს მიერვე  დადგენილი წესებით, ანახეთ პატარა ბავშვებს მამა!“, - წერს ლექსო თამაზაშვილი.

გუშინ ღამით ექს-პრემიერის ცოლის ძმამ, ლექსო თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ“. დღეს კი „ტვ პირველს“ ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსანს რუსთავის ციხეში ადმინისტრაციისგან უკვე დაშვებული პაემანი გაუუქმეს.  უფლებადამცველი ამ ყველაფერს ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილებს უკავშირებს. 

აღნიშნულ განცხადებებს პენიტეციური სამსახურის მხრიდან პასუხი მოჰყვა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×