
2026 წლის ოქტომბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში საქონლის ხორცი 16.5%-ით გაძვირდა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან. აღსანიშნავია, რომ დარგის ექსპერტები ფასების ზრდას კვლავაც ელიან. როგორც „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს, გაძვირებაა მოსალოდნელი თებერვალშიც.
„საქსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ გაყინული ძროხის ხორცის იმპორტი 2026 წლის იანვარ-სექტემბერში წლიურად 19.3%-ით გაიზარდა. კერძოდ, წელს საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებულია 21.664 მლნ დოლარის ღირებულების 4 603 ტონა გაყინული ხორცი, შარშან პირველ 9 თვეში კი 18.162 მლნ დოლარის ღირებულების 3 698 ტონა.
აღსანიშნავია, რომ წელს გაყინული საქონლის ხორცის იმპორტი 4%-ით გაიაფდა. უფრო დეტალურად, შარშან 1 კგ-ის იმპორტი გადასახადების გარეშე საშუალოდ 4.9 დოლარი ჯდებოდა, წელს კი ფასი 4.7 დოლარამდეა შემცირებული. რაც შეეხება სავაჭრო ბაზრებს, გაყინული საქონლის ხორცის იმპორტში 67.6%-იანი წილით ბრაზილია ლიდერობდა.
საანგარიშო პერიოდში 80.7%-ით არის გაზრდილი ახალი საქონლის ხორცის იმპორტი. კერძოდ, შარშან იანვარ-სექტემბერში იმპორტირებულია 6.514 მლნ დოლარის ღირებულების 1 172 ტონა ხორცი, ხოლო 2026 წლის იმავე პერიოდში 11.769 მლნ დოლარის ღირებულების 2 047 ტონა.
რაც შეეხება ფასს, საშუალო საიმპორტო ფასი 3.4%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, შარშან 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 5.56 დოლარი იყო, წელს კი ღირებულება 5.75 დოლარამდეა გაზრდილი.