რეზონანსი
09.11.2026

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსსელხოზნადზორი) დელეგაცია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით საქართველოში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როსსელხოზნადზორი“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათმა წარმომადგენლებმა ქართული სატესტო ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარეს და შეისწავლეს რუსეთში გასატანი თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემა.

„კერძოდ, რუსი სპეციალისტები გაეცნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მუშაობას, რომელიც რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მოქმედი ნივთიერებების ნარჩენ რაოდენობებს იკვლევს. მათ შეაფასეს ლაბორატორიის ორგანიზაციული სტრუქტურა, ტექნიკური აღჭურვილობა, თანამშრომელთა კვალიფიკაცია, კვლევის მეთოდები და შენობა-ნაგებობების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან“, - აღნიშნულია „როსსელხოზნადზორის” ინფორმაციაში.

გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, ქართველმა კოლეგებმა რუს სპეციალისტებს გააცნეს ნიმუშების საკარანტინო ფიტოსანიტარიული მდგომარეობის განსაზღვრის წესი და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების გაცემის პროცედურა.

რუსეთის დელეგაცია გორის მუნიციპალიტეტში ეწვია თესლოვანი და კურკოვანი კულტურების მოყვანის, შენახვისა და საექსპორტო პარტიების ფორმირების ხუთ ობიექტს.

„აუდიტის შედეგების საფუძველზე, როსსელხოზნადზორი ლაბორატორიას გაუგზავნის აუდიტის აქტს, რომელიც დაადასტურებს მის კომპეტენციას, კვლევის მეთოდებისა და მიღებული შედეგების სანდოობას. ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ მცენარეთა კარანტინის სფეროში ეროვნული სისტემის შემუშავება მიმდინარეობს. ორი ქვეყნის ციფრული პლატფორმების ინტეგრაცია ინფორმაციის გაცვლას გააუმჯობესებს, საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ორმხრივ მიწოდებას გაზრდის და მისი უსაფრთხოების კონტროლს გააძლიერებს“,- აღნიშნულია „როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×