
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში [სტუ] ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიის სხდომის გადაწყვეტილება გახდა.
მისი ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ კომისია დიტო ჩუბინიძის დაჭერის დღესვე, 22 ოქტომბერს შეიკრიბა.
„რომ დაიჭირეს, 4 საათში შეიკრიბა სხდომა, კომუნისტების დროს „სტროიკები“ რომ იკრიბებოდნენ ხოლმე 1937 წელში. 4 საათში გაათავისუფლეს“, - ამბობს ხატიაშვილი.
უფლებადამცველის თქმით, მან გადაწყვეტილება 6 ნოემბერს რექტორის სახელზე გაასაჩივრა. ადვოკატი ითხოვს სხდომაში მონაწილე 7 პროფესორის მიმართ დისციპლინარული წარმოება დაიწყოს და ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ.
სააპელაციო სასამართლომ 29 ოქტომბერს ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
დაცვის მხარემ ჟურნალისტისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სწორედ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.
პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს". მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.