
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით". "ვფიქრობ, ეს მოხდება და საბოლოოდ უკრაინა ოდნავ განსხვავებული ფორმით დარჩება", - აღნიშნა ტრამპმა CBS-ის გადაცემა 60 Minutes-ში, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მიაჩნია თუ არა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩება.
ამასთან, კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცრუ იმედს აძლევს და დროს აჭიანურებს, ტრამპმა უპასუხა: "არა, ასე არ ვფიქრობ. რუსეთთან მიმართებით ჩემზე მკაცრი არავინ ყოფილა".
საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ანალიტიკოსების შეფასებით, ტრამპის ფრაზა „ოდნავ განსხვავებული ფორმა" პირველ რიგში გულისხმობს ტერიტორიულ დათმობებს ან არსებული ფრონტის ხაზის გაყინვას. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინას გაუჭირდება 1991 წლის საზღვრების სრულად აღდგენა.
დიპლომატიური შეთანხმება, რომლისკენაც ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს მხარეების მიყვანას. სავარაუდოდ, ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას იმ ხაზზე, სადაც ახლა დგანან რუსული და უკრაინული ძალები. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი რეგიონი დე ფაქტო რუსეთის კონტროლქვეშ დარჩება, თუმცა, დასავლეთის უდიდესი ნაწილი მათ იურიდიულად კვლავ უკრაინის ტერიტორიად აღიარებს.
სამხედრო ექსპერტები და გეოპოლიტიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ უკრაინის მომავალი ფორმა პირდაპირ იქნება დაკავშირებული მის უსაფრთხოებასთან. ვინაიდან ნატო-ში გაწევრიანება შესაძლოა დროებით შეიზღუდოს ან გარკვეული კომპრომისის საგნად იქცეს.
ანალიტიკოსები პროგნოზირებენ ე.წ. „ისრაელის მოდელის" ამოქმედებას. ეს გულისხმობს ძლიერ ორმხრივ უსაფრთხოების გარანტიებს აშშ-სა და ევროპული ქვეყნების მხრიდან - მუდმივ სამხედრო დახმარებას, შეიარაღების მიწოდებას და თავდაცვზე ორიენტირებული ეკონომიკის შენარჩუნებას, რათა უკრაინამ დამოუკიდებლად შეძლოს ნებისმიერი პოტენციური აგრესიის შეკავება.
მიუხედავად ტერიტორიული გამოწვევებისა, ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ რუსეთის მთავარი სტრატეგიული მიზანი უკრაინის სახელმწიფოებრიობის სრული განადგურება და მარიონეტული ხელისუფლების დასმა, სრულად ჩაიშალა. უკრაინას დარჩება თავისუფალი, დემოკრატიული და დასავლური ტიპის მმართველობა. ევროკავშირში ინტეგრაციის გზა ღია რჩება და ქვეყნის „ახალი ფორმა" ეკონომიკურად და პოლიტიკურად სწორედ ევროპულ სივრცეს დაუკავშირდება.
ეკონომიკური და სტრატეგიული კვლევების ცენტრების პროგნოზით, ომის შემდგომი უკრაინა იქნება მაღალი მილიტარიზაციის, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სახელმწიფო. ქვეყნის აღდგენას დასჭირდება ასობით მილიარდი დოლარი, რომლის ძირითადი ნაწილი დასავლური ფონდებიდან და გაყინული რუსული აქტივებიდან გამოიყოფა, რაც უკრაინულ ეკონომიკას ფუნდამენტურად ახალ სახეს მისცემს.