
როგორც აქამდე არაფერი წარმოუდგენიათ რადიკალებს და აგენტურას, ასე გაგრძელდება - მკვეხარა და ხმამაღალი განცხადებები მათი მხრიდან არაერთგზის მოგვისმენია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესით საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ოპოზიციური პარტიების საქმიანობა კონსტიტუციის საწინააღმდეგო იყო.
„საგულისხმოა ის გარემოება, რომ სარჩელის განხილვის დღიდან მოპასუხე მხარის მხრიდან პროცესის გაწელვის და უარგუმენტო, უსაფუძვლო მცდელობის გარდა, თავი დაიძვრინონ იმ სოლიდური ბრალდებებისგან, რომელიც მათ ქართველმა ხალხმა წარუდგინა, პრაქტიკულად საზოგადოებას არაფერი მოუსმენია. ჩვენ არ გვგონია, რომ აწი რაიმე ღირებული ითქვას მოპასუხეთა მხრიდან სასამართლო დარბაზში. კვლავ ველით მცდელობას, გაექცნენ პასუხისმგებლობას, ქართული ნიურნბერგის პროცესის გამოწვევებს, რომელიც მათ დაუდგათ ამ სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის შემდეგ. ჩვენ მოვისმინეთ და საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება სარჩელის დასაბუთებულობაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც აქამდე არაფერი წარმოუდგენიათ რადიკალებს და აგენტურას, ასე გაგრძელდება. მკვეხარე და ხმამაღალი განცხადებები მათი მხრიდან ჩვენ არაერთგზის მოგვისმენია. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმაში, რომ ამ ე.წ. პარტიების საქმიანობა, პირდაპირი გაგებით, კონსტიტუციის საწინააღმდეგო იყო“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა ხვალ განახლდება.