
ვფიქრობ, სერგეი შოიგუს განცხადება ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ რეალურად „ქართული ოცნების“ რეჟიმი დგას რუსეთის სამსახურში , - ასე ეხმაურება “ძლიერი საქართველო - ლელოს” საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
გეგელიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ღიად და დაუფარავად ემსახურება რუსულ ინტერესებს.
“ქართული ოცნება” არის რეჟიმი, რომელიც ღიად და დაუფარავად ემსახურება რუსეთის ფედერაციასა და რუსი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. სწორედ ამიტომ აქებს მას გაუთავებლად არამარტო მარია ზახაროვა და ზატულინი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერები, არამედ თავდაცვის დარგის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ყოფილი მინისტრი შოიგუ, რომელიც რეალურად წარმოადგენს კრემლის ექსპანსიონისტური პოლიტიკის სახეს და ვინც ღიად და დაუფარავად ემხრობა კობახიძესა და მის რეჟიმს.
მე ვფიქრობ, ეს ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ რეალურად ეს რეჟიმი დგას რუსეთის სამსახურში, ის მოსწონთ რუსებს, მას აქებენ რუსები და ის ატარებს იმ კურსს, რაც რუსეთისთვის არის გასახარი, მაგრამ ყველა ქართველისთვის სამწუხარო და დამაზიანებელი”, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან აიცილა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიციირებული სახელმწიფო გადატრიალება. მისივე თქმით, რუსეთი მიესალმება საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.
“მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას. ამავდროულად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რეგიონული პრობლემები უნდა მოგვარდეს პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია 3+3 რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის მუშაობის განახლება“, - განაცხადა შოიგუმ.