რეზონანსი
10.11.2026

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოავლინა. სამართალდარღვევები დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში.

შუახევის, სენაკის, მარტვილის, წალენჯიხის, აბაშის, წყალტუბოს, ტყიბულის, ხარაგაულის, ბორჯომის, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე გამოვლინდა მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული მორებისა და საშეშე მერქნის სატრანსპორტო საშუალებებით უკანონო გადაზიდვის ფაქტები. 

სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში ამოღებულია დაახლოებით 20 კუბური მეტრი საშეშე მერქანი და 30 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). თითოეულ სამართალდარღვევაზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. შუახევში გამოვლენილი 20 ერთეული დაუფირნიშებელი წიწვოვანი სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

ბუნებრივი რესურსების დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2026 წლის 10 თვის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 1 266 ფაქტია გამოვლენილი.

გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ. მყისიერი რეაგირება ხდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×