
იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც წიწამურთან "პუშკინას" და მისი მეგობრის აფეთქების ბრალდებით დააკავეს - გამოძიება ამტკიცებს, რომ ის 41 წლის გიორგი ნადირაძეა. ნადირაძე საგამოძიებო უწყებამ გუშინ, 2 წლიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ აიყვანა და წიწამურთან გიორგი მჭედლიშვილის (პუშკინას) აფეთქების საქმე და შმაგი ლაფაჩის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ნადირაძე ორი წელია არავის დამალვია, თბილისში იმყოფებოდა, და ორჯერ ამ საქმეზე დაკითხვაზეც კი იმყოფებოდა. უფლებადამცველი ილია ლომია „ტვ პირველს“ უდასტურებს, რომ დაკავებულსა და "პუშკინას" წარსულში კონფლიქტი ჰქონდათ და მისი თქმით, ამას არც დაკავებული მალავს.
როგორც ირკვევა, საქმეში დევს კადრები, სადაც წიწამურთან გიორგი ნადირაძის მანქანით გადაადგილება ჩანს, თუმცა ნადირაძის ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ადგილას ზუსტად იმ დროს არ გადაადგილდებოდა.
„ავტომობილი ფიგურირებს იმ პერიოდში მისი, ინტერვალებში ოღონდ, ზუსტად იმ დროს არა. კი ჩემიდ აცვის ქვე მყოფი (პუშკინას) იცნობდა და მეორე პირსაც იცნობდა. წლების წინ ერთმანეთში რაღაც კონფლიქტი ჰქონდათ. მე როგორც ვიცი დაკავების ოქმში და ასევე სასამართლოს განჩინებაში მითითებულია რაღაც შურისძიების მოტივით თითქოს ამან ჩაიდინა დანაშაული. არანაირად, ეს პიროვნება გაწონასწორებული და მშვიდია. 2024 წელსაც და ახლაც პოზიცია აქვს, რომ არანაირი შემხებლობა ამ საქმესთან არ აქვს.
არავინ არ ეძებდა, თავად როცა დაიბარეს, თავისი ფეხით მივიდა და განმარტებაც მისცა იმ საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, რაც საგამოძიოებო უწყებას აინტერესებდა. ამ ხნის განმავლობაში, 2 წლის განმავლობაში გამოძიებას აწარმოებდნენ და თუ ბრალი იყო წარსადგენი, აქამდე სად იყვნენ. ქვეყანა არ დაუტოვებია, როდესაც დაიბარეს და გამოიძახა საგამოძიებო უწყებამ, მივიდა, გამოკითხეს. დაახლოებით ორჯერ მოხდა მისი გამოკითხვა“, - აცხადებს ადვოკატი ილია ლომია.
გიორგი ნადირაძე 2 წლის შემდეგ, 9 ნოემბერს, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეძენილი ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა. შსს-ს ინფორმაციიღ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.