
თბილისის მერიის „თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირის საახალწლოდ მორთვისთვის 2 499 885 ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საახალწლოდ მორთვისთვის საჭიროა 2D ფიგურების, მანათობელი თოკის და კვების ბლოკების შესყიდვა. კომპანიის განმარტებით, ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა გამოწვეულია ღონისძიებების სპეციფიკაციიდან.
„რუსთაველის გამზირზე არსებული რეაბილიტაციის სამუშაოებიდან გამომდინარე შპს“ თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების სამსახური ახორციელებს ახალი ბოძების და სანათების მონტაჟს, რამაც გამოიწვია რუსთაველის გამზირის კონცეფციის ცვლილება და თბილისის მერიის დავალებით საჭიროა ახალი რეაბილიტირებული რუსთაველის გამზირის საახალწლო მორთვისთვის საჭირო ილუმინაციების შესყიდვა. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვალდებულია სამუშაოების შესრულება უზრუნველყოს მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე.
იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ძირითადად ინტელექტუალურ მომსახურებასთან და ინდივიდუალურ აღქმასთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია ვიზუალური დეტალები და ლოკაციის თავისებურებების გათვალისწინება. ზემოაღნიშნული საკითხი, თავის მხრივ დროში შეზღუდვას იწვევს, ღონისძიების ჩატარება კი შეზღუდულ ვადებში უნდა განხორციელდეს, შესაბამისად 2D ფიგურების, მანათობელი თოკის და კვების ბლოკების შესყიდვა წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
დოკუმენტაციის მიხედვით, 2 499 885 ლარით მოხდება შემდეგი მოწყობილობების შეძენა: 1) 2D ფიგურები - 900 ცალი, 2) მანათობელი თოკი - 1450 ცალი, 3) განათების თოკი - 72000 მეტრი და 4) კვების ბლოკები - 95 ცალი, საერთო ღირებულებით - 2 499 885 ლარი. აღსანიშნავია, რომ შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების ჩატარება 14 დღეში უნდა უზრუნველყოს.