რეზონანსი
10.11.2026

ბატონო ნიკა, იმდენი ისაუბრეთ და იმდენი არგუმენტი ჩამოაყალიბეთ, ამაზე შეიძლება დაიწეროს ცალკე სტატია - თემები უნდა იყოს შესწავლილი და გაანალიზებული და ახლა, დღეს, ჩემი აზრით, ეს საკითხი ვერ გადაწყდება და არასერიოზული იქნება - შუამდგომლობები დავტოვოთ განუხილველი, იმიტომ, რომ შეიძლება უარიც არასერიოზული იყოს და დათანხმებაც არასერიოზული იყოს , - ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ევა გოცირიძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელს ნიკა გვარამიას შუამდგომლობაზე, რომელიც პარტიების აკრძალვის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების ერთიანი თარიღისა და მინიმუმ ერთთვიანი ვადა დადგენას ითხოვს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს რეზოლუციის 39-ე მუხლის გამოყენების ეფექტურობასთან დაკავშირებით გოცირიძემ აღნიშნა, რომ შეიძლება სტრასბურგის სასამართლომ პოლიტიკურ პარტიასთან, ინდივიდებთან თუ ორგანიზაციებთან მიმართებით გაერთიანების უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, იქვე არ მიუთითოს, რომ ამ პარტიის რეგისტრაცია უნდა აღდგეს, მაგრამ პროცედურულად, ეს შეუძლია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დაადგინოს.

„ცოტა გაუგებარია სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლთან ამის მიბმა, იმიტომ, რომ ასეთი უფლება რომ გამოიყენო - 39-ე მუხლი, შიდა კანონმდებლობაში არ არსებობს, ეს არის კონვენციით დამტკიცებული. ამ ეტაპზე, სანამ საქმის განხილვა მიმდინარეობს, რეგლამენტის 39-ე მუხლს სტრასბურგის სასამართლო ვერ გამოიყენებს, რადგან ვერ უბრძანებს სასამართლოს, რომ ან ასე გააკეთე, ან ისე. საქმე უნდა დასრულდეს. თქვენ ბრძანეთ, მეოთხე ინსტანციის უფლება მოგვეცითო. კი, ასე ეძახიან, მაგრამ არასწორად ეძახიან და სტრასბურგის სასამართლო ყოველთვის ხაზგასმით ამბობს, რომ ევროპული სასამართლო არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო.

სტრასბურგის სასამართლომ, როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გაერთიანების თავისუფლება დაირღვა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან, ინდივიდებთან თუ ორგანიზაციებთან მიმართებით, შეიძლება იქვე არ მიუთითოს მან იმის შესახებ, რომ ამ პარტიის რეგისტრაცია უნდა აღდგეს, მაგრამ ხომ იცით როგორიც არის პროცედურა, ჩვეულებრივ გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და ის ადგენს, რა არის აუცილებელი მის აღსასრულებლად. შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტს შეუძლია დაავალოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება აღსრულებული, სანამ ამ პარტიის რეგისტრაცია არ აღდგება. ასეთი პრაქტიკა ევროპის სასამართლოს აქვს და სხვა საქმეებიც არსებობს, სადაც პარტიების რეგისტრაცია აღდგენილა“, - განაცხადა ევა გოცირიძემ.

მოსამართლემ შუამდგომლობის დამყენებელ მხარეს მიმართა წინადადებით, რომ შუამდგომლობაზე პასუხი, რომელიმე პარტიის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იქნას გაცემული.

„სწორედ ის გარემოება, რომ თქვენ ძალიან ბევრი ისაუბრეთ და მრავალმხრივად განიხილეთ ეს საკითხი, შთააგონებს სასამართლოს იმას და თვალსაჩინოს ხდის, რომ ეს არ არის ის თემა, რომელიც დღეს ახლა ასე შუამდგომლობის საფუძველზე ნახევარ საათში შეიძლება გადაწყდეს.

თავისთავად ჯერ სასამართლოსთვის ისიც კი არ არის ცხადი, რომ გადადების წესი, რომელიც ნორმებთან დაკავშირებით არსებობს, ასე ადვილად შეიძლება თუ არა გავრცელდეს ამ კატეგორიის საქმეზე და აქვს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედულების თავისუფლება ამ ნაწილში, რომ ასე განახორციელოს. ეს მსჯელობის საგანი უნდა იყოს და კანონმდებლობის გამოკვლევის საკითხი და ნორმების ურთიერთშეჯერების საკითხი. მეორე ეტაპზე ეს იქნება მიზანშეწონილობის საკითხი.

როდესაც ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას ან მიდგომას აყალიბებს საკონსტიტუციო სასამართლო, რაღაც ტიპის გამონაკლისი გაავრცელოს თუ არა ამ შემთხვევაზე, ამას ასე სახელდახელოდ ის არასდროს არ აკეთებს. ამისთვის ახორციელებს კვლევებს. თემები უნდა იყოს შესწავლილი და გაანალიზებული და ახლა, დღეს, ჩემი აზრით, ეს საკითხი ვერ გადაწყდება და არასერიოზული იქნება. თქვენ რას იტყვით იმაზე, რომ ეს შუამდგომლობები დავტოვოთ განუხილველი, იმიტომ, რომ შეიძლება უარიც არასერიოზული იყოს და დათანხმებაც არასერიოზული იყოს. და თუკი სასამართლო მიიღებს რომელიმე პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის გადაწყვეტილებას, მაშინ უპასუხოს იმ კონკრეტულ შუამდგომლობას. მე არ გამოვრიცხავ, რომ თქვენს ნათქვამში იყოს ბევრი რაციონალური ელემენტი, მაგრამ ამ ეტაპზე, წინასწარ იმის დაბევება, რომ ჩვენ აუცილებლად ასე მოვიქცევით, მე ვფიქრობ, რომ ცოტა უხერხული იქნება და ცოტა არასერიოზული იქნება. მე ასე ვთავაზობ ჩემს კოლეგებს“.- განაცხადა ევა გოცირიძემ.

ნიკა გვარამიას თქმით, შუამდგომლობის მთავარი შინაარსი ის არის, რომ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება შემაჯამებელი სიტყვების ეტაპამდე უნდა იქნას მიღებული.

„მე იმედი მაქვს, რომ ტყუილად არ ვიკითხე ეს ტექსტი. თუ ვერ დაგარწმუნეთ, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ამ ტექსტის მთავარი შინაარსი ის არის, რომ ამ ეტაპზე გადაწყდეს. ჩვენ განჭვრეტადობა გვაინტერესებს. სჭირდება სერიოზული ანალიზი, ამ ანალიზისთვის გაქვთ 9 თვე. ტყუილად არ წამიკითხავს იმედი მაქვს- თქო და ნელ-ნელა ეს იმედი მეწურება, იმიტომ, რომ შუამდგომლობაში რამდენჯერმე გავიმეორე, რომ ჩვენ ვითხოვთ ამ შუამდგომლობის გადაწყვეტას დასკვნით სიტყვებამდე. არც დღეს, არც ზეგ, არც მაზეგ. თუ ხვალ არის დასკვნითი სიტყვები, მაშინ დღეს გადაწყვიტეთ. შუამდგომლობას თუ გადადებთ განსახილველად, დასკვნით სიტყვებს ნუ გადადებთ ერთ კვირაში და დანიშნეთ სამ თვეში. თქვენი გადასაწყვეტი არ არის ერთ კვირაში იქნება თუ სამ თვეში?! რა კვლევა ამას სჭირდება. ეგეთი შუამდგომლობა თუ დავაყენე, რომ სამეცნიერო ინსტიტუტი უნდა დაფუძნდეს მის გადასაწყვეტად, ასეთი წარმოდგენა არ მაქვს ჩემს შესაძლებლობებზე. არ საჭიროებს თვეებს ამისთვის, რთულად, მაგრამ გადაწყვეტა შეიძლება!“- განაცხადა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×