
ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც ჩვენი ქვეყანაა, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ოთხმხრივი თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის რეგიონის ენერგეტიკულ სექტორს და გაზრდის საექსპორტო პოტენციალს.
„საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით, რომ ძალებს გავაერთიანებთ იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყნებში გენერირებული ელექტროენერგიის შემდგომში კიდევ უფრო მეტი წარმატებითა და მეტი გამტარუნარიანობით ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, საქართველოსთვის ენერგეტიკის სექტორის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მჭიდროდ თანამშრომლობს მეზობელ ქვეყნებთან და ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას და ამ ხედვის განუყოფელი ნაწილია, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში ოპერირებად სხვადასხვა ბიზნესს, მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის შემდგომი ექსპორტისთვის", - განაცხადა მინისტრმა.
ანტალიაში ხელმოწერილი „საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთის და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების" მიზანი აღნიშნულ ქვეყნებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ენერგეტიკული დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემისა და მიწოდების ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.