რეზონანსი
11.11.2026

პოლიტიკური განცხადებები ამბიონიდან - ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი ხელისუფლებას და მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს უპირისპირდება. ქადაგებაში ამბობს, რომ სასულიერო პირები დღეს სიმართლეს აღარ ლაპარაკობენ, ხელისუფლებამ კი თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა. 

მიტროპოლიტი იობი ის სასულიერო პირია, რომელიც არ მალავს საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებს ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. არაერთხელ ითხოვდა პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლებასაც, მხარს უჭერდა იმ სასულიერო პირებს, რომლებიც პატრიარქ ილია მეორეს უპირისპირდებოდნენ, მას თავადაც სურდა პატრიარქობა. ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული საქმე კი, რომელიც მის სახელს უკავშირდება მე-6 საუკუნის ისტორიული ძეგლის, ზღუდერის ეკლესიის განადგურებაა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მეუფე იობის პოლიტიკური განცხადებები რეალობას აცდენილი და მცდარია. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის თქმით, ხელისუფლება მზად არის, ეკლესიასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე კონსტრუქციულ რეჟიმში ისაუბროს და სასულიერო პირის განცხადებებამდე კონსულტაციების გამართვა მიზანშეწონილი იქნებოდა.

„ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ასეთ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და იყენებს ამისთვის ეკლესიას, ამბიონს. ეს არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან გულდასაწყვეტი, მით უმეტეს, როდესაც ეს პოლიტიკური განცხადებები არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას და არის მცდარი.

საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ზოგადად დედაეკლესიის მიმართ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ თუ რაიმე საკითხი არსებობს, ან რაიმე შეკითხვები არსებობს, ყოველთვის ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში ვართ მიჩვეულები საუბარს. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა კითხვას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაეცეს ძალიან ამომწურავი პასუხი ჩვენი მხრიდან და შესაბამისად, სანამ ასეთი მცდარი პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება, უპრიანი იქნება, რომ ჯერ მოხდეს კონსულტაციები საკითხებთან დაკავშირებით“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×