
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან.
მანვე აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდგომ განვითარებული მოვლენები წარმოადგენს განგრძობად პროცესს, რომლის ინტენსივობაც დროთა განმავლობაში სულ უფრო იზრდება და გამოთქვამს ვარაუდს, რომ სწორედ ეს მოვლენათა ჯაჭვი ქმნის გარდაუვალ საფრთხეს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ანტიკონსტიტუციური მისწრაფებები სამომავლოდაც იქნება განხორციელებული.
„როცა ვსაუბრობთ 2012 წლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, რეალურად ინტენსივობა სულ უფრო მეტად არის მზარდი. დღეს ჩვენ ვსაუბრობდით ამის შესახებ, რომ ჯერ ერთი ეს არის განგრძობადი, მოვლენათა ჯაჭვი და განგრძობადი პროცესი, რომელიც სარჩელში დეტალურად არის ასახული. ბუნებრივია ის, რომ არაკონსტიტუციური ქმედებების, სხვადასხვა ტიპის ქმედებების ინტენსივობა სულ უფრო მეტად მზარდია, მათ შორის, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ შეიძლება იურიდიულად კონკრეტული პოლიტიკური პარტია ამა თუ იმ პერიოდში უბრალოდ დაფუძნებული არ იყო, მაგრამ შემდგომ უკვე, მათი დაფუძნების შემდეგ, ისინი წარმოადგენენ რა -ერთიან ორგანიზმს, დღესაც აგრძელებენ და მეტი ინტენსივობით აგრძელებენ ანტიკონსტიტუციური სხვადასხვა აქტების განხორციელებას, რაც თავისთავად არის გარდაუვალი საფრთხის მატარებელი იმისთვის, რაც არის კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით, მათ შორის, დაცული.
ფაქტობრივად არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან იმასთან მიმართებით, რომ მოეწყოთ შესაბამისი საბოტაჟი, გადაედგათ შესაბამისი ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები. და კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ თავდაპირველ ეტაპზე, მაგალითად, როცა არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებაზეა ლაპარაკი, ეს იყო შედარებით ნაკლები ინტენსივობის მატარებელი, რაც დრო გადის და ტარდება სხვადასხვა ტიპის საყოველთაო არჩევნები, დაპირისპირება მათ შორის, დემოკრატიულ მნიშვნელოვან პროცესთან და მექანიზმთან სულ უფრო მეტად მწვავე ხასიათს იღებს. თუნდაც 2025 წლის 4 ოქტომბრის შესაბამისი მოქმედება და ეპიზოდი ამის ძალიან კარგი დადასტურება და ილუსტრაცია არის. ისევე როგორც გასული, 2024 წლის შემოდგომაზე განვითარებული მოვლენები. 2020 წელს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაზე მიტანილი იერიში, შტურმი ძალადობრივი და ასე შემდეგ.
რა თქმა უნდა, ეს ჯაჭვი მოვლენებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მთელი გასული პერიოდის განმავლობაში, ქმნის აბსოლუტურად, დადასტურებულ და გარდაუვალ საფრთხეს იმისა, რომ შესაბამისი ანტიკონსტიტუციური მისწრაფებები და მიზნები სამომავლოდაც იქნება კვლავაც მოპასუხე მხარის მიერ განხორციელებული“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.