
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, თბილისში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ბრალდებულები უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში.
„კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა პირმა დაპირისპირებაში მონაწილე ახალგაზრდას ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში სამი ჭრილობა მიაყენა.
დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირების მიზნით მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებს.
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად პოლიციამ ცხელ კვალზე 7 პირი ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.