რეზონანსი
11.11.2026

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპამაც შეინარჩუნოს საკუთარი ტრადიციული ღირებულებები. ამ თვალსაზრისით, გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციებსაც ვხედავთ, მათ შორის მიგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და იმ უარყოფით ტენდენციებს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ეთნიკურ და რელიგიურ იდენტობას უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროპაში მიმდინარე პროცესები შეშფოთების საფუძველია.

"ჩვენთვის ეს პროცესები შეშფოთების საფუძველია. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია აღნიშნულ საკითხზე უფრო სიღრმისეულადაც ვისაუბროთ. ამრიგად, პირველი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ევროპულ ერად მივიჩნევთ, არის ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები და კულტურა - საქართველოს ევროპული კულტურული იდენტობა,"- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული რჩება.

„მსურს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტს მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, ვისაუბრო საქართველოს როლზე ევროპულ არქიტექტურაში. ეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა. თუმცა, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ევროპისთვისაც, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპულ არქიტექტურაში.

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკუთარ თავს ევროპულ ერად მივიჩნევთ. ეს ღირებულებებს ეფუძნება და ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციებსა და კულტურაში. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. სწორედ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად. ჩვენ ერთგული ვრჩებით ტრადიციული ევროპული ღირებულებებისა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველო გეოგრაფიულად გარკვეულწილად მოწყვეტილი იყო ევროპას. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, საქართველომ გააძლიერა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები ევროპასთან და ევროკავშირთან", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×