რეზონანსი
11.11.2026

სამართლებრივი ფორმა ცუდი არ არის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ხალხის მხარდაჭერა, ხოლო ხალხის მხარდაჭერას სჭირდება მოპოვება - ისე ვიქნებით ეს პარტიები, როგორც 80-იანი წლების ბოლოს ვიყავით , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვაზე საუბრისას განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებს მეტი აქტიურობა სჭირდებათ, ხოლო ქართველმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რა ხიფათები გველოდება გრძელვადიანად.

„მაწუხებს მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთი ჩრდილი, კიდევ ერთი მინუსი იქნება საქართველოს, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს მიმართ. 1990 წელს, მარტის არჩევნებში ზვიად გამსახურდიამ მონაწილეობა არ მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ საარჩევნო კოდექსი არ უშვებდა მრავალპარტიულობას. მიუხედავად იმისა, რომ „მრგვალი მაგიდა“ იყო არაფორმალური, არაოფიციალური, მოახდინა ზეწოლა უზენაეს საბჭოზე და მიაღებინა მას ის კანონი, რომელიც მისაღები იყო და ამის შემდეგ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში.

ჩვენ [უნდა შევძლოთ] ქართველი ხალხის ნებით და ზეწოლით, „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ, დანიშნოს ის არჩევნები, რომელიც იქნება საერთო შეთანხმების საფუძველზე და არა ისე, როგორც მორიგ არჩევნებს დანიშნავს.

ჩვენ მეტი აქტიურობა გვჭირდება და ქართველმა ხალხმაც უნდა გააცნობიეროს, რა ხიფათები გველოდება გრძელვადიანად. ჩვენ მძიმე დილემის წინაშე ვდგავართ. როდესაც ვამბობთ, აი, ნახეთ უნგრეთში რა მოდა, გამოჩნდა ლიდერი, არ არის ბოლომდე სწორი შედარებები. ჩვენ გაცილებით ადრე ვქენით ის, რაც ახლა გვშურს. ჩვენ ახლა სხვა გამოწვევების წინაშე ვართ, არც სერბებს და არც უნგრელებს იმის განცდა, რომ ხვალ რუსული ბომბი დაეცეთ, ჯერჯერობით არ აქვთ“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×