
ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოსამართლეთა კითხვების ეტაპზე ჩვენი მხრივ მაქსიმალურად დეტალურად გაგვეშალა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც ჩვენს სარჩელს ედება საფუძვლად, ჩვენ ვუპასუხეთ არაერთ კითხვას, რომელიც მომდინარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისაგან და შეიძლება ითქვას, რომ არსებითად აღნიშნული ეტაპი არის ამოწურული , - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.
თორნიკე ჭეიშვილის თქმით, მოსამართლეთა კითხვების ეტაპი ამოწურულია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დღესაც იყოს დასმული დამატებითი კითხვები, რისთვისაც მზად არიან.
მისივე თქმით, საზოგადოებამ იხილა ადეკვატური ზომები იმ პირების მისამართით, რომლებიც სხდომაზე ეთიკის სტანდარტებს ვერ იცავენ და იაფფასიან პროვოკაციებს აწყობენ.
„რაც შეეხება მიმდინარე საკონსტიტუციო განხილვებს საკონსტიტუციო სასამართლოში. ერთი უნდა ვთქვათ აუცილებლად ის, რომ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოსამართლეთა კითხვების ეტაპზე ჩვენი მხრივ მაქსიმალურად დეტალურად გაგვეშალა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც ჩვენს სარჩელს ედება საფუძვლად, ჩვენ ვუპასუხეთ არაერთ კითხვას, რომელიც მომდინარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისაგან და შეიძლება ითქვას, რომ არსებითად აღნიშნული ეტაპი არის ამოწურული, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ რამდენიმე კითხვა დღესაც იქნეს დასმული ჩვენი მისამართით რისთვისაც რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ და როგორც წინა დღეებში ამ შემთხვევაშიც ბუნებრივია შესაბამისი დეტალიზაციის მაღალი ხარისხით წარმოვადგენთ არგუმენტირებულ პასუხებს. რაც შეეხება ზოგად ფონს, რომელიც თან სდევს მიმდინარე პროცესს, გუშინაც იყო არაერთი მცდელობა იმისა, კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან, რომ გადაეზარდათ აი ეს პროცესი პოლიტიკურ შოუში. ისინი ამისათვის არ ერიდებიან, მათ შორის ძალიან მძიმე შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთონ საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართით. ზოგადად სხვადასხვა იაფფასიანი პროვოკაციები მოაწყონ, მათ შორის სხდომათა დარბაზში და იხილა კიდეც საზოგადოებამ ის ადეკვატური ზომები, რომელიც ამ დროს შეიძლება იქნეს გამოყენებული. იმ კონკრეტული პირების მისამართით, რომლებიც ელემენტარულად ვერ იცავენ ეთიკის სტანდარტებს, როდესაც იმყოფებიან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე“ - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.