
საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და არათუ არ ასრულებს ოფიციალურად აღებულ ვალდებულებებს, არამედ საპირისპიროს აკეთებს, სწორედაც ასეთმა პროცესებმა, შეიძლება, მიიყვანოს ევროკავშირი ახალ წევრებთან დაკავშირებით მსგავს მსჯელობამდე, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესება მხოლოდ მსჯელობის ეტაპზეა და კონკრეტული გადაწყვეტილება ამაზე მიღებული არ არის.
„უპირველესად, ეს ინფორმაცია უნდა იყოს სარწმუნო და სანდო, რომ ჩვენ ამაზე კომენტარი გავაკეთოთ. მას შემდეგ, რაც დადასტურდება ამ ინფორმაციის ნამდვილობა ან მისი სიზუსტე, მერე უკვე გვექნება საშუალება დამატებით ვისაუბროთ. ფაქტი ერთია, როდესაც საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა და არათუ არ ასრულებს კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს, რაც ჩვენ ოფიციალურად აღებული გვაქვს, არამედ, პირიქით, საპირისპიროს აკეთებს, სწორედაც რომ ასეთმა პროცესებმა, შეიძლება, მიიყვანოს ევროკავშირი ისეთი ტიპის მსჯელობის დაწყებამდე.
შესაბამისად, დაველოდოთ ამ ინფორმაციის სანდოობას, „ევრონიუსის“ გავრცელებულ ინფორმაციაზე ვერ ვისაუბრებთ, მით უფრო, რომ თავად ამ ინფორმაციის შინაარსი არის ცოტა გაურკვეველი. არ ვიცი, ევროკავშირის ელჩები რა ფორმატში იღებენ გადაწყვეტილებებს. როგორც ჩანს, ეს არის მხოლოდ მსჯელობა და არა გადაწყვეტილებები. მას შემდეგ გავაკეთებთ უფრო ზუსტ კომენტარს, რაც გვეცოდინება, რეალურად რასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა შარაშიძემ.
ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნისთვის ხმის მიცემის უფლების სავარაუდო შეჩერებაზე შარაშიძემ აღნიშნა, რომ ხმის მიცემის უფლება ევროკავშირის როგორც ძველ, ისე ახალ წევრებსაც უნდა ჰქონდეთ.
„რა თქმა უნდა წევრ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ხმის უფლება. ახალ წევრსაც და ძველსაც. სამართლიანობის პრინციპზე უნდა იყოს ეს წევრობა დაფუძნებული. ამიტომ საინტერესოა, საიდან მომდინარეობს ზოგადად ეს აზრი. მოდი, შევთანხმდეთ, რომ თქვენც ვერ ადასტურებთ, არის თუ არა რაიმე გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებული. დემოკრატია იმის დემოკრატიაა, რომ ასეთი აზრების გაცვლა-გამოცვლა უნდა ხდებოდეს და ხდება კიდეც. შესაბამისად, ვნახოთ.
ჩვენთვის, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის, არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი წევრობა იყოს სრულფასოვანი და არანაირი შეზღუდვა არც ჩვენ ხმის მიცემის პროცესს და არც სხვა პროცესებს არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, მეორეს მხრივ, არის ის რეალობა, რომელიც დადგა საქართველოს შემთხვევაში, როდესაც კანდიდატი ქვეყანა სრულიად დაშორდა ვალდებულებებს, პრინციპულად არ ასრულებს მათ და, პირიქით, საწინააღმდეგოს აკეთებს; ამძიმებს ზუსტად იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, ანუ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვას და, ზოგადად, დემოკრატიის განვითარებას და არათუ დემოკრატიას არ ავითარებს, არამედ, საერთოდ, ავტორიტარიზმშია. ახლა, უკვე პარტიების აკრძალვის პირობებში, უკვე დიქტატურაში გადაჰყავს ქვეყანა და, შესაბამისად, ეს ევროკავშირისთვისაც გარკვეული გამოცდილებაა. ნამდვილად არ მიკვირს, თუ ამ გამოცდილების ანალიზზე იქ ვინმე ფიქრობს და მსჯელობს, ეს ჯერჯერობით მსჯელობაა“, - განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, „ევრონიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის ათწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.