რეზონანსი
20.11.2026

48-ტომიანი საქმეა, ირაკლის ბრალის დამადასტურებელი მხოლოდ ერთი პირდაპირი და ორი ირიბი ჩვენება დევს, - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ნათია თამაზაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საბოლოოდ მაინც ის დადასტურდება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი მის წერილებში აცხადებს. რაც შეეხება აღნიშნულზე გამოძიებას, თამაზაშვილის თქმით, ამ დრომდე ის არ დაწყებულა.

„გასაუბრებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, შესაბამისად, გასაუბრების ფორმატით წარმოუდგენელია საგამოძიებო ორგანოებს ინფორმაცია მიაწოდო. გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილი სრულად მიაწვდის ინფორმაციას მათ....[პროკურატურის] მიზანთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, ალბათ, გარკვეული თვალთმაქცური ნაბიჯის გადადგმა უნდოდათ საზოგადოებისთვის რომ დაენახებინათ. ბუნებრივია, ირაკლის მიმართ დარღვეულია უფლებები და წამების ტოლფასი ქმედებაა ჩადენილი, ვითხოვთ გამოძიების დაწყებას, დარღვეული უფლების აღდგენას, რაც ჩვენ ვერ მივიღეთ. ვნახოთ, დაველოდოთ...

48 ტომია გაცვლილი და გადმოცემული ჩვენთან, ირაკლის ბრალის დამადასტურებელი მხოლოდ ერთი პირდაპირი და ორი ირიბი ჩვენება დევს საქმეში. აქამდე რა ქმედებებიც ვიხილეთ, იმას ბუნებრივია, სამართლიან სასამართლოსთან საერთო არ აქვს და კითხვის ნიშნები დაისვა, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. საბოლოოდ მაინც ვფიქრობ, ეს პროცესები გახდება იმის დასტური და ნათელს მოფენს იმ გარემოებებს, რაზეც ირაკლი თავისივე წერილებში საუბრობდა“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×