
ყიფშიძის ქუჩაზე 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 67 წლის გელა არობელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილეს. პროკურატურა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. პროკურორის თქმით, არობელიძე არაერთხელ არის წარსულში ნასამართლევი, ამასთან დანაშაულის იარაღი გადაგდებული აქვს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ბრალდებული წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი არ არის, შესაბამისად, ის 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
ცნობისთვის, 18 ნოემბერს, ყიფშიძის ქუჩაზე 77 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. მას ცივი იარაღით, დანით 5 ჭრილობა აქვს მიყენებული. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 67 წლის გელა არობელიძე დააკავეს, ის ხელზე დაზიანებით კლინიკაში მოათავსეს. არობელიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.