
მეხანძრე-მაშველი ბექა დაუდაშვილი, რომელიც ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა, 3 წლის თაიას სასწაულებრივ გადარჩენას იხსენებს.
როგორც გადაცემა “360 გრადუსში“ დაუდაშვილი იხსენებს, მცირეწლოვანს პირზე ცელოფანი ჰქონდა გადაკრული და ცხვირით ახერხებდა სუნთქვას.
“თაია პირველ სართულზე, ნანგრევების ქვეშ იყო მოყოლილი სავარძელსა და კედელს შორის, ვერტიკალურ მდგომარეობაში.
როდესაც ვიპოვეთ მარტო ფეხს ამოძრავებდა. შემდეგ ამ ფეხის მოძრაობა, რაღაც ეტაპზე შეწყვიტა. თავიდან ვერ გამოდიოდა კონტაქტზე, ვერ ახერხებდა საუბარს. არ გამოდიოდა კონტაქტზე სანამ უშუალოდ არ შევაღწიეთ და არ გამოვუჩინეთ სახე. პირზე გადაკრული ჰქონდა ცელოფანი და ცხვირით ახერხებდა სუნთქვას.
ძალიან დიდი ნანგრევების ქვეშ იყო, ხე მასალა და ბეტონის ფილები იყო მის თავზე. როდესაც სასუნთქი გზები გავუთავისუფლეთ, ერთი წამოიტირა და შემდეგ დამშვიდდა. რასაც ვეუბნებოდით, აკეთებდა ყველაფერს. ზედმიწევნით ასრულებდა, ჩვენც გაკვირვებულები ვიყავით.
ვამხნევებდით. თმის სამაგრი ეჭირა ხელში. მშვიდად იყო, დიდი ადამიანივით იქცეოდა,“ - იხსენებს მაშველი.