
ლიბიის ქალაქ ბენღაზის პორტში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო კორვეტ „მერკურიზე“ ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. გამოცემა Naval News-ის ინფორმაციით, ხომალდი, სავარაუდოდ, განადგურებულია.
გამოცემა სატელიტურ ფოტოებსა და რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქების შედეგად პროექტ 20380-ის კორვეტი „მერკური“ მნიშვნელოვნად დაზიანდა. არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ ხომალდი, დიდი ალბათობით, განადგურებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ჩაიძირა იგი თუ ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა.
ინციდენტამდე რუსული სამხედრო ხომალდი ბენღაზის პორტში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
„მერკური“ თან ახლდა რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული გემების კოლონას, რომელსაც სამხედრო დანიშნულების საექსპორტო ტვირთები გადაჰქონდა.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ჯერჯერობით არ გავრცელებულა დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, უკავშირდება თუ არა მომხდარი მიზანმიმართულ თავდასხმას.
ბოლო დროს უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში რუსული ხომალდების წინააღმდეგ რამდენიმე წარმატებული შეტევა განახორციელა. თუმცა ბენღაზის პორტში მომხდარ აფეთქებასთან უკრაინის შესაძლო კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია არ არსებობს.