რეზონანსი
22.11.2026

გერმანიაში, ბავარიის ფედერალურ მიწაზე მდებარე ქალაქ ბად-გრენენბახში, „ჰოჰეს შლოსის“ სამლოცველოში, ნახშირჟანგით 56 ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა კვირას, 22 ნოემბერს, ღვთისმსახურების დროს მოხდა.

გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის, BR24-ის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან. თავდაპირველად სამაშველო სამსახური ეკლესიაში ერთ-ერთი ბავშვის გონების დაკარგვის გამო გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულმა მაშველებმა აღმოაჩინეს, რომ ჯანმრთელობის პრობლემებს სხვა ადამიანებიც უჩიოდნენ.

ბავარიის წითელი ჯვრის ცნობით, შემთხვევის დროს სამლოცველოში 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი შენობიდან გაიყვანეს და სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს.

თავდაპირველად სამაშველო სამსახურის მონაცემებოთ 19 ადამიანი მოიწამლა,  ოთხის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა. 

თუმცა მოგვიანებით პოლიციამ მონაცემები განაახლა. სულ მოწამლულია 56 ადამიანი.

ასევე მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაზარალებულებს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

წინასწარი ინფორმაციით, ნახშირჟანგის გაჟონვა შესაძლოა გათბობის სისტემის გაუმართაობას უკავშირდებოდეს, თუმცა ინციდენტის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

ნახშირჟანგი (CO) უფერო და უსუნო მომწამვლელი აირია, რომელიც არასრული წვის შედეგად წარმოიქმნება. მისი შესუნთქვა ორგანიზმში ჟანგბადის მიწოდებას აფერხებს და მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×