რეზონანსი
22.11.2026

ძალიან სწორი ინიციატივაა და მისასალმებელია, რადგან არის რიგი ქვეყნები, სადაც აკრძალულია სუროგაცია და ვფიქრობ სასიხარულო იქნება, თუკი ჩვენს ქვეყანაშიც აიკრძალება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს არის ბავშვის გაჩენის არაბუნებითი გზა.

„იმის გამო, რომ ტექნიკურად არსებობს ამის საშუალება, არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რისი საშუალებაც გვაქვს. არსებობს ზნეობრივი კანონი, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება.

აქ ირღვევა ბავშვის უფლებები და რატომღაც არავინ საუბრობს ამ უფლებებზე. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ეს ბავშვები ხშირ შემთხვევაში მიჰყავთ ერთნაირსქესიან წყვილებს და არვინ ზრუნავს მათ მომავალზე.

მე მქონია საუბარი სუროგატ ქალებთან, რომლებიც სინანულით მოსულან ჩემთან. მათ ფსიქოლოგიურად ამუშავებენ მთელი ორსულობის განმავლობაში, რომ არ გაუჩნდეს მიჯაჭვულობა იმ ნაყოფის მიმართ, რომელიც მუცელში უზის. როგორი საშინელებაა თვითონ იმ ქალისთვისაც ეს ყველაფერი, რომელიც 9 თვის განმავლობაში მუცლით სხვის შვილს ატარებს და შემდეგ ბავშვისთვისაც, რომელიც ჩასახვის მომენტიდან ემოციურ კავშირშია თავის დედასთან და გრძნობს დედის ემოციებს. ის ბავშვი უკვე ტრავმირებული იბადება, რომელმაც იცის, რომ დედას არ უნდა ის. არის კიდევ უამრავი დარღვევები.

ეკლესია არ უჭერს მხარს სუროგაციას. სამწუხაროდ ძალიან ბევრი მზრუნველობამოკლებული ბავშვია და თუ ასე ძალიან უნდათ, რომ იზრუნონ შვილზე და ჰყავდეთ შვილი, შეუძლიათ, რომ იშვილონ და გაზარდონ. ეს უკვე ღვთის წინაშე კეთილი საქმე იქნება. შვილად აყვანის ლოცვაც კი არსებობს. ის უკვე მართლა შვილი იქნება მისი, გაზრდის და ამაზე კეთილშობილური საქმე არ არსებობს", - აღნიშნა დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ.

„ქართულმა ოცნებამ" საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×