
თურქეთში, არარატის მთის მახლობლად, არქეოლოგებმა ხის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელთა ასაკი, წინასწარი ლაბორატორიული კვლევის თანახმად, დაახლოებით 4 300 წელია. აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Türkiye Gazetesi ავრცელებს.
ხის ნიმუშები აღრის პროვინციის დოღუბაიაზითის რაიონში, დურუფინარის ფორმაციაში მიმდინარე კვლევების დროს იპოვეს. ეს ტერიტორია წლების განმავლობაში მკვლევართა ყურადღებას იპყრობს, რადგან მისი ფორმა ხომალდს წააგავს და ზოგიერთი მკვლევარი მას ბიბლიური ნოეს კიდობნის შესაძლო ადგილსამყოფლად მიიჩნევს.
კვლევაში ხუთი ქვეყნის დაახლოებით 20 სპეციალისტი მონაწილეობს. აღმოჩენილი ხისა და დანახშირებული მასალის ფრაგმენტები რადიონახშირბადული ანალიზისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, შვეიცარიასა და თურქეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების საბჭოში გაგზავნეს.
სივასის ჯუმჰურიეთის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯენკერ ატილას განცხადებით, ამერიკული ლაბორატორიიდან მიღებული პირველი შედეგების მიხედვით, ნიმუშები ძვ. წ. 2400–2200 წლებით თარიღდება.
მკვლევრების შეფასებით, აღნიშნული პერიოდი ემთხვევა ბიბლიური წარღვნის შესახებ გავრცელებულ ერთ-ერთ ქრონოლოგიურ ვარაუდს.

ამასთან, კვლევის მონაწილეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ხის ფრაგმენტების ასაკის დადგენა თავისთავად არ ადასტურებს ნოეს კიდობნის აღმოჩენას.
მეცნიერები დამატებით სწავლობენ ნიმუშების წარმოშობას, შემადგენლობასა და იმ გარემოებებს, რომლებშიც ისინი მიწის ქვეშ აღმოჩნდა.
საბოლოო დასკვნების გამოსატანად მკვლევრები შვეიცარიისა და თურქეთის ლაბორატორიების შედეგებს ელოდებიან.