რეზონანსი
23.11.2026

როდესაც აბაშიძე და კარასინი ხვდებოდნენ ერთმანეთს, შეხვედრას ქართული მედიაც ესწრებოდა, ახლა კი პროპაგანდისტული მედიაც კი არ წაუყვანიათ მათ მინსკში. არც არავინ იცის საერთოდ, რა ვითარებაში წარიმართა შეხვედრა და რუსეთმა სპეცწარმომადგენლის ნაცვლად თქვა, რომ გალუზინი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს. ანუ მოაშორა “სპეცწარმომადგენელი”, შექმნა სურათი, რომ ეს არის დიპლომატიური ურთიერთობის ფაქტობრივი აღდგენა , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ანტიანექსიური პლატფორმის წევრმა თეონა აქუბარდიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, მოსკოვს თბილისისთვის აბსოლუტურად ამოყირავებული სინამდვილის შემოთავაზება უნდა და თან სურს, ამაზე ხელის გადაგრეხით წაიყვანოს თბილისი, რასაც, აქუბარდიას თქმით, ირაკლი კობახიძე მიჰყვება კიდეც.

“ორი რამ არის ძალიან დიდი გამოწვევა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის: ერთი არის ახალ ფორმატი და ის, რომ ეს ახალი ფორმატია, ამაზე თავად რუსული მხარე აქცენტს ღიად აკეთებს და ის, რომ გაგრძელება არ არის აბაშიძე-კარასინის ფორმატის, რომელიც 2012 წლიდან გვქონდა, ამას მოწმობს ერთის მხრივ ის, რომ არა მხოლოდ სპეცწარმომადგენელი ჰყავს პრემიერ-მინისტრს რუსებთან ურთიერთობებში, არამედ რიგით მეორე დიპლომატი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, რაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობის საფუძვლებს ქმნის მაშინ, როდესაც რუსეთს აქვს ორი საელჩო გახსნილი ცხინვალსა და ოკუპირებულ სოხუმში.

მეორე გამოწვევაა უსაფრთხოების საკითხების დამატება იმ მენიუში, რომელიც ამ მოლაპარაკებების საგანი იყო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობასთან ერთად. ემატება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება ისე, რომ ჩვენ ვხედავთ, რუსეთი ახორციელებს დამატებით ანექსიის ახალ განზომილებას ცხინვალში - მარატ კამბოლოვი - რუსეთის მაღალჩინოსანი, რომელიც მართავს ოკუპირებულ ცხინვალს, ასევე სხვა რუსი მაღალჩინოსნები, რომლებიც იქ არიან.

ამავდროულად, მოსკოვი სთხოვს თბილისს, რომ თბილისმა ახალი რეალობა აღიაროს, ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, რუსეთი გაიყვანოს კონფლიქტის მხარიდან, როგორც მონაწილე და საქართველომ მისცეს გარანტია აფხაზეთსა და ცხინვალს, რომ თავს არ დაესხმება. აბსოლუტურად ამოყირავებული სინამდვილის შემოთავაზება უნდა და ამაზე ხელის გადაგრეხით უნდა, რომ თბილისი წაიყვანოს. ირაკლი კობახიძე კი, ფაქტობრივად, გაჰყვა ამ პროცესზე იმიტომ, რომ მინსკში ჩვენ რა ვნახეთ? ჯერ ერთი, მინსკი არ არის ნეიტრალური ფორმატი, განსხვავებით პრაღისა და ჟენევისგან იმიტომ, რომ მინსკი არის რუსეთის მოკავშირე და მათ ერთი სახელმწიფოთაშორისი კავშირიც კი აქვთ, გარდა იმისა, რომ უკრაინის ფრონტზე მინსკი მოსკოვის მოკავშირეა.

აქ მეორე თემა არის ის, რომ ამ შეხვედრამ რუსეთისა და საქართველოს დროშების ფონზე ჩაიარა, რაც არაფორმალურ ფორმატში არ ხდება ხოლმე. აბაშიძე და კარასინი როდესაც სასტუმროებში ხვდებოდნენ ერთმანეთს, ამ შეხვედრას ქართული მედიაც ესწრებოდა, ახლა კი პროპაგანდისტული მედიაც კი არ წაუყვანიათ მათ მინსკში, არათუ კრიტიკული მედია. არც არავინ იცის საერთოდ, რა ვითარებაში წარიმართა ეს შეხვედრა და რუსეთმა სპეცწარმომადგენლის ნაცვლად თქვა, რომ გალუზინი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს. ანუ მოაშორა “სპეცწარმომადგენელი”, შექმნა სურათი, რომ ეს არის დიპლომატიური ურთიერთობის ფაქტობრივი აღდგენა ისე, რომ თბილისში არ აქვს რუსეთს საელჩო. აქვს სოხუმსა და ცხინვალში, მაგრამ არ აქვს თბილისში”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×