
ნოემბრის ბოლო დღეებში საქართველოში ამინდი საგრძნობლად შეიცვალა. შედარებით თბილი პერიოდის შემდეგ ქვეყანაში ტემპერატურა დაეცა, გაძლიერდა ქარი და ზოგიერთ რეგიონში ნალექი მოვიდა. მაღალმთიან ზონებში თოვლიც დაფიქსირდა. რა გახდა ამინდის ცვლილების მიზეზი, როდის გამოიდარებს და როგორი ამინდი გველოდება დეკემბრის დასაწყისში?
ამ საკითხებზე "ამბებს" გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე ესაუბრა:
"ზამთარს ვუახლოვდებით. ამ პერიოდში, მით უმეტეს, ბოლო დღეებში, მაღალმთიან ზონაში თოვლი უჩვეულო არ არის. საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი ჰაერის მასები შემოვიდა, რამაც ამინდის ცვლილება გამოიწვია. სწორედ ამის შედეგია ტემპერატურის კლება, ქარი და ნალექი.
დღეს ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ხვალ კი წვიმიანი ამინდი დასავლეთ საქართველოში გაგრძელდება. აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში კი უკვე გამოიდარებს. თვის ბოლომდე, შაბათ-კვირის ჩათვლით, მთლიანად საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
27-28 ნოემბერს ტემპერატურა საკმაოდ მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში შესაძლოა 18-19 გრადუსამდე გათბეს, სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე კი ტემპერატურამ 20 გრადუსსაც მიაღწიოს. მთიან რაიონებში დაახლოებით 13-14 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოშიც ტემპერატურა მოიმატებს და დაახლოებით 17 გრადუსს მიაღწევს, მათ შორის თბილისშიც“, - განაცხადა ქოქოსაძემ და ისაუბრა თუ როგორი ამინდი იქნება დეკემბრის დასაწყისში.
"30 ნოემბრიდან და დეკემბრის დასაწყისში კვლავ ნალექიანი ამინდები იქნება. დაბლობ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, მთასა და მაღალმთიან ზონებში კი თოვლი. ამასთანავე, ტემპერატურაც დაიკლებს.
დეკემბერში ტემპერატურა და ნალექების რაოდენობა დაახლოებით ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა შესაძლოა ნორმაზე ოდნავ მაღალი იყოს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ნორმის ფარგლებში შენარჩუნდეს“, - დასძინა ხათუნა ქოქოსაძემ.
წყარო: ambebi.ge