
აშშ რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას აღარ განიხილავს, როგორც პუტინისთვის უკრაინაში ომის დასრულების მთავარ სტიმულს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების სანაცვლოდ რუსეთისთვის კომერციული გარიგებების შეთავაზების გეგმები უხმაუროდ გადადო. ამის მიზეზი გახდა ის, რომ კრემლმა ენერგეტიკისა და საავიაციო სექტორებში შეთავაზებული პროექტების მიმართ მცირე ინტერესი გამოავლინა.
„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა, ევროპელ ოფიციალურ პირებს განუცხადეს, რომ კორპორაციული კავშირები რუსეთის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი კომპონენტი აღარ არის.
ამჟამად მოლაპარაკებებში ძირითადი ყურადღება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებზეა გამახვილებული.
ბოლო თვეებში კუშნერი და უიტკოფი ომის შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ინიციატივას განიხილავდნენ. მათ შორის იყო ამერიკული კომპანიების ინვესტიციები რუსეთის ნავთობპროექტებსა და ტიტანის მწარმოებელ საწარმოებში, ასევე ევროპისთვის მილსადენებით რუსული გაზის მიწოდების აღდგენა.
ეს წინადადებები განიხილებოდა, როგორც ფინანსური სტიმული, რომელსაც პუტინი უკრაინაში ომის დასრულებისკენ უნდა წაეხალისებინა.
რუსი ოფიციალური პირების პოზიციის მცოდნე წყაროების განცხადებით, თავდაპირველად მოსკოვი ამერიკულ წინადადებებს დადებითად შეხვდა, რადგან ბიზნესგარიგებების პერსპექტივას დონალდ ტრამპის ყურადღების შენარჩუნების საშუალებად მიიჩნევდა.
თუმცა მოგვიანებით კრემლის ინტერესი ამ იდეების მიმართ შემცირდა. წყაროების ინფორმაციით, მოსკოვი კვლავ მოითხოვს, რომ უკრაინამ ტერიტორიები დათმოს და სხვა დათმობებზეც წავიდეს, რომლებსაც კიევი მიუღებლად მიიჩნევს.
ოფიციალური პირების განცხადებით, რუსულმა მხარემ ამერიკელებს მკაფიოდ მიანიშნა, რომ პუტინი არ არის მზად დამატებითი გარიგებების განსახილველად, რომლებიც მის პოზიციას შეარბილებდა.
„სრულიად ნათლად გახდა ცნობილი, რომ (რუსები) მსგავსი საკითხებით დაინტერესებული არ არიან“, — განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
როგორც ჩანს, მოსკოვი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი ფართომასშტაბიანი სამშვიდობო შეთანხმება, დიდი ალბათობით, სანქციების შემსუბუქებას გამოიწვევს, რაც რუსეთის ბაზარზე კერძო ბიზნესის დაბრუნებას შეუწყობს ხელს.
კვირას საღამოს კუშნერმა მოლაპარაკებების შესახებ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რუსეთისთვის ეკონომიკური სტიმულების შეთავაზება აღარ უხსენებია. ამის ნაცვლად, მან ყურადღება ომის შემდგომი უსაფრთხოების შესაძლო არქიტექტურაზე გაამახვილა.
რუსეთის პრეზიდენტის პოზიციის მცოდნე წყაროს განცხადებით, პუტინი არ აპირებს დათანხმდეს რომელიმე პოტენციურ შეთანხმებას, რომელიც უკრაინის მხრიდან დამატებით ტერიტორიულ დათმობებს არ ითვალისწინებს.