რეზონანსი
26.11.2026

ლიეტუვის სამართალდამცველებმა ხუთი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, რუსეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიასთან თანამშრომლობდნენ, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ აგროვებდნენ რუსეთისთვის საინტერესო ინფორმაციას და ლიეტუვის ტერიტორიაზე კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივებს ავრცელებდნენ.

საქმეზე გამოძიება ლიეტუვის რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში უცხო სახელმწიფოსთვის დახმარების გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს. ლიეტუვის პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ათზე მეტ მისამართზე ჩაატარეს.

გამოძიების ვერსიით, ლიეტუვის მოქალაქეთა ჯგუფმა რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კომპანიასთან (ВГТРК) თანამშრომლობა 2024 წლის შემოდგომაზე დაიწყო.

დაკავებულებს ეჭვმიტანილებად მიიჩნევენ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სხვადასხვა დავალების შესრულებაში, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოსთვის საინტერესო ინფორმაციის შეგროვებას უკავშირდებოდა.

გარდა ამისა, გამოძიების მონაცემებით, ისინი ლიეტუვის ტერიტორიაზე ამზადებდნენ და ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომელიც რუსეთის ინტერესებს შეესაბამებოდა და მის პროპაგანდისტულ ნარატივებს იმეორებდა.

საინფორმაციო სააგენტო BNS-ის ცნობით, გამოძიება უკავშირდება ორგანიზაციას „Tėvynės konduktoriai“ („სამშობლოს კონდუქტორები“), რომლის წარმომადგენლებიც სახელმწიფო უწყებებს მასობრივად უგზავნიან მოთხოვნებს დამატებითი ადმინისტრაციული დატვირთვის შექმნის მიზნით.

ორგანიზაცია რეგისტრირებულია მედიისთვის განკუთვნილ საჯარო ინფორმაციის მწარმოებელთა და გამავრცელებელთა საინფორმაციო სისტემაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×