
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ (AmCham) წელი ერთობლივი ღონისძიებით შეაჯამეს, რომელზეც საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციები და 2027 წლის პროგნოზები განიხილეს. თიბისი კაპიტალის შეფასებით, საქართველო მაღალ ეკონომიკურ ზრდას მომავალ წელსაც შეინარჩუნებს, თუმცა ზრდის ტემპი შენელდება.
25 ნოემბერს გამართულ ღონისძიებაზე თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა, რომელიც საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოს, გლობალურ ფინანსურ ბაზრებსა და ეკონომიკის ოთხ ძირითად სექტორს – უძრავ ქონებას, ტურიზმს, ენერგეტიკას, ტრანსპორტსა და ლოგისტიკას მიმოიხილავს.
კვლევის თანახმად, ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობისა და ენერგეტიკულ ბაზრებზე რყევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. თიბისი კაპიტალი მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 7.4%-იან, ხოლო 2027 წელს 6%-იან ზრდას პროგნოზირებს.
ნავთობის ფასების სტაბილიზაციის შემთხვევაში, 2027 წელს საქართველოში ინფლაცია 2.9%-მდე შემცირდება.
2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 7.4%-ით გაიზარდა, მესამე კვარტალში კი ზრდის მაჩვენებელმა 6.8% შეადგინა.
თიბისის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2021 წელს 10.6%, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7.8%, 2024 წელს - 9.7%, ხოლო 2025 წელს - 7.5% იყო.
სექტორული პროგნოზების თანახმად, უძრავი ქონების ბაზარზე მაღალი მოთხოვნის შენარჩუნება და ფასების ზომიერი მატებაა მოსალოდნელი. ტურიზმის სექტორში კი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობისა და შემოსავლების ზრდას პროგნოზირებენ.
ენერგეტიკის სფეროში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ელექტროენერგიის მოხმარებასა და მიწოდებას შორის არსებული სხვაობა რჩება. ახალი გენერაციის ობიექტების დამატების მიუხედავად, თურქეთის ბაზარზე არსებული დაბალი ფასები ექსპორტის შესაძლებლობებს ზღუდავს.
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში ტვირთბრუნვის ზრდა საქართველოსთვის დამატებით შესაძლებლობას ქმნის, სატრანზიტო დერეფანთან ერთად რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრადაც ჩამოყალიბდეს.
რაც შეეხება გლობალურ ეკონომიკას, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2026 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3%-ით გაიზრდება, 2027 წელს კი ზრდის ტემპი 3.2%-მდე დაჩქარდება. გლობალური ფინანსური ბაზრების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ხელოვნური ინტელექტი სახელდება.
თიბისისა და ამერიკის სავაჭრო პალატის ერთობლივი შემაჯამებელი ღონისძიება უკვე მესამე წელია იმართება. მისი მიზანია ბიზნესისთვის ეკონომიკური ტენდენციებისა და პროგნოზების გაცნობა, რაც კომპანიებს სამომავლო გეგმების შემუშავებასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.