თამარ ოყუჯავა
27.11.2026

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში სუროგაცია ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი და დინამიკური მიმართულებაა. პოლიტიკური და სამართლებრივი დისკუსიების მიღმა, ეს სფერო კონკრეტულ ადამიანურ ისტორიებს, სამედიცინო გამოწვევებსა და სოლიდურ ფინანსურ დანახარჯებს მოიცავს.

საზოგადოებრივ ჭრილში სუროგაციას ორი მთავარი მხარე აქვს. ერთი მხრივ, ეს არის სამედიცინო შესაძლებლობა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ბიოლოგიური შვილის გაჩენა სხვაგვარად არ შეუძლიათ. მეორე მხრივ, უფლებადამცველები ყურადღებას ამახვილებენ სუროგატი ქალების მოტივაციაზე. კერძოდ, საქართველოში ამ ნაბიჯს ქალები უმეტესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, საბანკო ვალდებულებების დაფარვის ან შვილების განათლებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით დგამდნენ.

პოლიტიკური და იდეოლოგიური დისკუსიების მიღმა, სუროგაციის აკრძალვა ქვეყანაში არსებულ სოციალურ და სამედიცინო რეალობას ცვლის.

„სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 2012 წლიდან დღემდე შეადგენს, დაახლოებით 13 100-ს. საყურადღებოა, სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა, რaც 2019 წელს იყო 400-მდე და უკვე წელს, 2026 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი თითქმის 3000-ს უახლოვდება", - განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ.

ოფიციალური უწყებებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გასაჯაროებული მონაცემებით, ბოლო წლებში საქართველო რეპროდუქციული ტურიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაჟღერებული სტატისტიკით, საქართველოში სუროგაციის სერვისით მოსარგებლე წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით 98%, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდიოდა.

  • მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები საერთო სტატისტიკის მცირე ნაწილს, დაახლოებით 2%-ს შეადგენდნენ, რიცხვებში ეს ყოველწლიურად ათეულობით და ასეულობით ქართულ ოჯახს ნიშნავს.

მოქმედი რეპროდუქციული კლინიკებისა და სააგენტოების მონაცემებით, სუროგაციის სრული პროგრამის ღირებულება, საშუალოდ, 55-იდან 65 ათას დოლარამდე მერყეობს.

იმ ქართველი წყვილებისთვის, რომლებსაც სუროგაცია მკაცრი სამედიცინო ჩვენებით სჭირდებათ, ერთადერთ გამოსავლად საზღვარგარეთ წასვლა რჩება. თუმცა, ქვეყნებში, სადაც კომერციული სუროგაცია ლეგალურია, მსგავსი პროგრამის ღირებულება 120 000-იდან 200 000 დოლარამდე მერყეობს, რაც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილისთვის ფინანსურად მიუწვდომელია.

მეორე ალტერნატივა ისეთი ქვეყნებია, სადაც მხოლოდ ალტრუისტული (არაკომერციული) სუროგაციაა დაშვებული, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის პრაქტიკულად გადაულახავი ბარიერია.

სფეროს სპეციალისტების ნაწილი შიშობს, რომ მკაცრი რეგულირების ნაცვლად სრულმა აკრძალვამ შესაძლოა გააჩინოს არალეგალური, „იატაკქვეშა" სქემების რისკი, სადაც ვერც სუროგატი ქალის ჯანმრთელობა და უფლებები იქნება დაცული და ვერც ბიოლოგიური მშობლების ინტერესები.

„შავი ბაზარი თუ გაჩნდება, იმის გაკონტროლება გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე როცა ყველაფერი ლეგალურია, ამის გამკაცრება უნდა მოხდეს, უნდა იყოს უფრო მეტი ყურადღება და უფრო მეტი რეგულაციები... რაღაც პერიოდით, სანამ არ ჩამოყალიბდებოდა კონტროლის კარგი მექანიზმი, სუროგაციას ავკრძალავდი უცხოელებისთვის და არა საქართველოს მოქალაქეებისათვის. საკმაოდ დიდი შემოსავალია ქვეყნისთვის სუროგაციის პროცედურა, ეს თუ კარგად იქნება დარეგულირებული, ეს ქვეყანაში ფინანსების შემოსვლაა", - აღნიშნა სურგულაძემ.

მეან-გინეკოლოგ მაგდა თორთლაძის თქმით, სუროგაციას მიმართავენ არა სურვილის ან კომფორტის გამო, არამედ მაშინ, როდესაც ქალისთვის ორსულობა სამედიცინო მიზეზებით შეუძლებელი ან სიცოცხლისთვის საშიშია.

„სუროგაცია ეს არის რეპროდუქციული მედიცინის მეთოდი, რომელიც კონკრეტულ სამედიცინო ჩვენებით წყვილს ბიოლოგიური შვილის ყოლის შესაძლებლობას აძლევს. სუროგაციის ჩვენება განისაზღვრება არა პაციენტის სურვილით, არამედ იმით შეუძლია თუ არა ქალის ორგანიზმს ორსულობის უსაფრთხოდ ტარება. სუროგაციის მეთოდის გამოყენების ძირითადი ჩვენებებაა საშვილოსნოს თანდაყოლილი არარსებობა, ჰისტერექტომია, საშვილოსნოს ისეთი მძიმე ანატომიური დაზიანება, როდესაც მისი ფუნქციის აღდგენა შეუძლებელია. ენდომეტრიუმის ან საშვილოსნოს მძიმე პათოლოგია, რომელიც ორსულობას გამორიცხავს. სიცოცხლისთვის საშიში სამედიცინო მდგომარეობები, როდესაც ორსულობა უკუნაჩვენებია, მაგალითად, გარკვეული მძიმე კარდიოვასკულური დაავადებები ან სხვა სერიოზული სისტემური პათოლოგიები სუროგაცია არ არის უბრალოდ არჩევანი ან კომფორტის საკითხი გარკვეული პაციენტებისთვის ის ბიოლოგიური შვილის ყოლის ერთადერთი რეალური სამედიცინო შესაძლებლობაა. არსებობს, საშვილოსნოს ტრანსპლანტაცია მაგრამ ის ჯერ კიდევ მაღალსპეციალიზებული, რთული და შეზღუდული ხელმისაწვდომობის მეთოდია საქართველოსთვის, ამიტომ პრაქტიკულად სუროგაციის უნივერსალურ ჩანაცვლებად ალტერნატივა ვერ იქნება".

მეან-გინეკოლოგი ამბობს, რომ სუროგატი დედის შერჩევის ეტაპზე მყოფი წყვილებისთვის მთავარი გამოწვევა უკვე შექმნილ ემბრიონებთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური, ფინანსური და სამართლებრივი გარემოა.

„ეს მგრძნობიარე საკითხია, რადგან აქ საუბარია უკვე შექმნილ ემბრიონებზე და არა მხოლოდ სამომავლო რეპროდუქციულ გეგმებზე. გასათვალისწინებელია არამხოლოდ ფინანსური საკითხი, რომელიც წყვილი დიდი ძალისხმევით ართმევს თავს, არამედ ფსიქოლოგიური ფაქტორიც ვინაიდან სტრესთან და ხანგრძლივ და ემოციურად რთულ მკურნალობის პროცესთან არის დაკავშირებული. კრიოკონსერვირებული ემბრიონები ავტომატურად არ კარგავს გამოყენების შესაძლებლობას. მათი შენახვა შესაძლებელია ხანგრძლივი პერიოდით, თუმცა სხვა ქვეყანაში ტრანსპორტირება დიდ ბიოროკრატიულ საკითხების გარდა ფინანსურადაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„უნდა განვასხვავოთ ემბრიონის ფიზიკური ტრანსპორტირება და მისი გამოყენების სამართლებრივი შესაძლებლობა. შეიძლება ემბრიონის გადატანა ტექნიკურად შესაძლებელი იყოს, მაგრამ მიმღებ ქვეყანაში მისი გამოყენების პირობები განსხვავდებოდეს. პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი ინდივიდუალური სამედიცინო და სამართლებრივი მდგომარეობა.

თორთლაძის განცხადებით, პროგრამის საერთო ღირებულება სხვადასხვა მომსახურებისა და ვალდებულების ჯამს წარმოადგენს და კლინიკის შემოსავლით არ შემოიფარგლება.

„პროგრამის ღირებულება რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და მოიცავს სამედიცინო, სამართლებრივ, პროგრამის ორგანიზაციულ კოორდინაციას და სუროგატის კომპენსაციას. სუროგაციიც მეთოდის სრული ღირებულება არ წარმოადგენს მხოლოდ კლინიკის შემოსავალს ის დამოუკიდებელ ხელშეკრულებებით განპირობებულ კომპონენტებს აერთიანებს. შესაბამისად, საერთო ღირებულება სხვადასხვა მომსახურებისა და ვალდებულების ჯამია", - „რეზონანსთან" აღნიშნა თორთლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×